Caterham Readying All-New Sports Car for 2015, But it's Not for U.S.
14 თებერვალი
პატარა საავტომობილო კომპანიის შეძენა მულტიმილიონერისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ როდესაც საქმე ახალი მოდელის გამოშვებაზე მიდგება, მაშინ ყველაზე მეტად იგრძნობა დამატებით სახსრების მოზიდვის საჭიროება. თავისი არსებობის განმავლობაში, „კატერჰემი“ ასეთი პრობლემის წინაშე იმ მარტივი მიზეზის გამო არ დამდგარა, რომ დაარსებიდან მოყოლებული, მხოლოდ ერთ ავტომობილს - „ლოტუსისგან“ შეძენილ „სევენს“ (ფოტოზე) უშვებს. 1994 წელს ინგლისურმა კომპანიამ მოდელი „21“ გამოუშვა, თუმცა ის „შვიდის“ სახეშეცვლილი ვერსია იყო...
და აი, კომპანია მალაიზიელმა ტონი ფერნანდესმა შეიძინა, რომელმაც ეს მხოლოდ იმისთვის გააკეთა, რომ თავისი ფორმულა ერთის გუნდსთვის, რომელსაც სახელი „ლოტუსი“ დაათმობინეს, „კატერჰემი“ დაერქმია. მაგრამ მალე გაირკვა, რომ ფერნანდესს თავის შენაძენთან დაკავშირებით, უფრო შორსმიმავალი გეგმები ჰქონია. ეს გეგმები კი კომპანიის საწარმოო პროგრამის გაფართოებას ითვალისწინებს.
ფერნანდესმა ჩამოაყალიბა ახალი კომპანია, სახელად „კატერჰემ ტექნოლოჯი ენდ ინოვეიშნ“ (კატერჰემის ტექნოლოგიები და სიახლეები), რომელიც ახალი მოდელების შექმნაზეა ორიენტირებული. სწორედ ესაა იმის უტყუარი ნიშანი, რომ კომპანია ახალი ავტომობილების შექმნას იწყებს. ეს ფაქტი ახლახანს „კატერჰემის“ მთავარმა აღმასრულებელმა ანსარ ალიმ ბრიტანულ გამოცემა „ქარ მეგზინთან“ საუბრისას დაადასტურა. უფრო კონკრეტულად კი, მან განაცხადა, რომ მისი კომპანია სუფთა ფურცლიდან იწყებს სრულიად ახალი სპორტული ავტომობილის შექმნას.
„ჩვენ ყველაფერს ესკიზებით ვიწყებთ. შევიმუშავებთ ახალ პლატფორმას და ძრავს. ჩვენ არ ვაპირებთ „შევენის“ გადაკეთებას. ახალი „21“ არ იქნება“, - ამბობს ალი და დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალ ავტომობილს „სევენთან“ საერთო არაფერი ექნება („კატერჰემი“ ამ ავტომობილის წარმოებას გააგრძელებს), თავისი ხასიათით, სწორედ მას დაემსგავსება.
„ჩვენი ავტომობილები მრბოლებისთვის იქმნება და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ისინი მსუბუქები, ტემპერამენტიანები და ხელმისაწვდომებია. მათი მეშვეობით, მღოლი დიდ სიამოვნებას ღებულობს. ასეთია „სევენი“ და გვინდა, რომ ახალი ავტომობილიც ასეთი იყოს“.
ახალი ავტომობილის წარმოება 2015 წელს დაიწყება და მყიდველს მას სამი ვერსიის სახით შესთავაზებენ. ესენი იქნება კუპე, კაბრიოლეტი და მესამე, რომლის შესახებაც ალი ჯერ არაფერს ამბობს. სავარაუდოდ, ეს ახალი მოდლის სარბოლი ვერსია უნდა იყოს. რაც შეეხება ძრავებს, მოდელ „სევენისთვის“ „კატერჰემი“ „ფორდის“ აგრეგატებს იყენებს. თუმცა, ალი ამბობს, რომ შესაძლოა, ახალი მოდელისთვისაც არჩევანი სხვა მწარმოებლის ძრავზე შეჩერდეს.
ახალი ავტომობილი „კატერჰემისთვის“ ორ ძირითად ბაზარზე - ევროპასა და იაპონიაში, ასევე ჩინეთშიც გაიყიდება. ამასთან, კომპანიის გეგმებში, ამ ავტომობილის ამერიკაში გაყიდვა ჯერ არ შედის. თუ დღეს მისი წლიური წარმოების მოცულობა მხოლოდ 500 ავტომობილია, მომავალში ეს მაჩვენებელი 2500-მდე გაიზრდება.
No comments:
Post a Comment