Kia Thinks Big with Track'ster Concept that Could Spawn a 3-Door Soul
14 თებერვალი
ჩიკაგოს ავტო შოუ, კორეული ნათესავი კომპანიების - „ჰიუნდაის“ და „კიას“ აქტიურობით აღინიშნა. „ჰიუნდაიმ“ თავის პოპულარულ სედან „ელანტრას“ ორი ახალი სპორტული ვერსია წარადგინა, „კიამ“ კი თავისი პატარა ჰეჩბეკ-ქროსოვერი „სოული“ გაასპორტულა და ის სამკარიანი კონცეპტუალური „ტრეკ’სტერის“ სახელით გაგვაცნო.
პირველივე შეხედვა საკმარისია იმისათვის, რომ თქვათ - ეს ავტომობილი „მინის“ მომავალი კონკურენტი გახდება. „სოულისგან“ მას დადაბლებული სახურავი, მძლავრი უკანა საყრდენი, რადიატორსა და და წინა სპოილერში „დაკარგული“ ბამპერი, მის კიდეებზე ორი ჰაერის ამღები, ვერტიკალურად განლაგებული უკანა სტოპ-ფარები, რომლებიც ორივე კიდეშია მოხრილი, ბორბლების დაბერილი თაღები, უკანა ბორბლების წინ მოთავსებული „ლაყუჩები“ და სხვა გარეგნული ნიშნები განასხვავებს.
„ამ მანქანაზე მუშაობის დაწყებამდე, წარმოიშვა იდეა, რომ მისთვის სპორტული, დაკუნთული ფორმები მიგვეცა. მას ბულდოგივით აგრესიული გარეგნობა უნდა ჰქონოდა. მაგრამ რაც მთავარია, ის ხელმისაწვდომიც უნდა ყოფილიყო. მის ბაზისად არსებული ავტომობილი ავიღეთ. მისი ნახვისას მიხვდებით, რომ საბაზისო ავტომობილი „სოულია“, ოღონდ მას უფრო სპორტული გარეგნობა მივანიჭეთ. ამ მანქანით, ჩვენ დამთვალიერებლებს შევუქმენით შთაბეჭდილება იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს „კიას“ სპორტული ავტომობილი.
ავტომობილი უზარმაზარ, 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც „მიშლენის“ 245/40 და 285/35 ზომის მაღალეფექტური საბურავებითაა (პაილოტ სპორტ PS2) შემოსილი. „ტრეკ’სტერის“ ბორბლებს შორის ბაზა, „სოულისაზე“ 20 მილიმეტრით გრძელია. ამასთან, სპორტული ავტომობილი სამოქალაქოზე 125 მილიმეტრით განიერიცაა (ბორბლების ხარჯზე).
დიზაინერებმა სალონში მხოლოდ ორი სავარძელი განათავსეს. მთლიანობაში, ინტერიერი კონცეპტუალური ავტომობილებისთვის დამახასიათებელ, ფუტურისტულ სტილშია შესრულებული. იმ ადგილებზე, სადაც უკანა სავარძლები უნდა მოთავსებულიყო, პატარა უჯრები ჩადგეს, რომლებიც სხვადასხვა ინსტრუმენტების შესანახად გამოიყენება. „სოულისგან“ განსხვავებულია მაჩვენებლების დაფაც.
კონცეპტუალური „ტრეკ’სტერის“ კაპოტის ქვეშ, „ჰიუნდაი/კიას“ წარმოების 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავი მოთავსდა, რომელიც 250 ცხენის ძალას ავითარებს. ძრავთან კი 6-საფეხურიანი მექანიკური ტრანსმისიაა დაკავშირებული, რომელსაც დაახლოებული გადაცემები აქვს. მის მიერ გადამუშავებული მაბრუნი მომენტი კი ოთხოვე ბორბალს მიეწოდება.
„ტრეკ’სტერი“ სპორტული ავტომობილისთვის შესაფერის, დადაბლებულ საკიდარზე დგას, „ბრემბოს“ წარმოების მუხრუჭები კი წინ 14-დუიმიანი დისკოებითა და ექვსცილინდრიანი დამჭერებით, უკან კი - 13.6-დუიმიანი დისკოებით და ოთხცილინდრიანი დამჭერებითაა აღჭურვილი.
დაბოლოს, ჩიკაგოში „კიამ“ გამოაცხადა, რომ „ტრეკ’სტერის“ წარმოების გეგმა ჯერ არ აქვს, თუმცა ნუ გაგიკვირდებათ, თუ მალე ამ საკითხზე საწინააღმდეგო ინფორმაციას გაიგებთ...
No comments:
Post a Comment