Force India unveils its 2012 Formula 1 car, the VJM05
3 თებერვალი
„ფერარის“ ინტერნეტ–პრეზენტაციიდან (რომელსაც პრესასთან რეალური შეხვედრაც მოჰყვა) რამდნიმე წუთში, თავისი ახალი ავტომობილი – VJM05, „ფორს ინდიამაც“ წარადგინა. ცერემონია სილვერსტოუნის ავტოდრომზე შედგა, სადაც ინდური გუნდია ბაზირებული. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევაა, როცა „ფორს ინდიამ“ ახალი მანქანა პირველ ტესტებამდე წარადგინა. წინა სეზონებში, ხერესის ტესტებისთვის მანქანის მომზადება ვერ ესწრებოდა.
ისევე როგორც „კატერჰემის“ და „ფერარის“ ბოლიდებს, „ფორს ინდიას“ მანქანასაც კეხიანი ცხვირი აქვს, რაც ახალმა რეგლამენტმა განაპირობა. თუმცა, ინდური საჯინიბოს ინჟინრებმა გადასვლა შასის წინანაწილსა და ცხვირის სტრუქტურას შორის, უფრო რბოლად (ესთეტიურად) შეასრულეს. შეცვლილია რადიტორების კორპუსები და უკანა ნაწილის მოყვანილობაც. გარდა ამისა, მანქანას აღარ აქვს ზედა დამცავი კილი, რომელიც ძრავის ჰაერის ამღებს შუაზე ჭრიდა და გასული სეზონის მანქანის ერთ–ერთი განმასხვავებელი იყო.
„ფორს ინდიას“ შეფი, ინდოელი მილიარდერი ვიჯეი მალია ამბობს, რომ მის გუნდში დასრულდა რესტრუქტურიზაცია, რის შემდეგაც, მიზანი საშუალოებს შორის საუკეთესობა კი არა, ლიდერთა კასტაში, კონსტრუქტორთა პირველობის მოწინავე ხუთეულში შეღწევა იქნება.
ცვლილებაა პილოტებში – გერმანელი ადრიან სუტილი დაითხოვეს და ის გერმანელმა ნიკო ჰულკენბერგმა შეცვალა. ბრიტანელი პოლ დი რესტა კი დატოვეს. შეგასხენებთ, რომ გუნდმა გასული სეზონი მეექვსე ადგილზე დაასრულა, რაც მის ისტორიაში (მას შემდგ, რაც ის მალიამ „სპაიკერისგან“ შეიძინა) საუკეთესო შედეგია.
„ვფიქრობ, ჩვენი გუნდის თითოეულმა წევრმა, ახალი მანქანის შესაქმნელად ყველაფერი გაიღო. გასული სეზონის მიწურულს, საკმაოდ კონკურენტუნარიანები ვიყავით და იმედია, აღებულ ტემპს შევინარჩუნებთ. ამ მანქანაზე შემიძლია ვთქვა, რომ ის ხელოვნების ნიმუშია. იმედია, როცა ის ტრასაზე გამოვა, დაამტკიცებს, რომ მისი შესაძლებლობები გარეგნობის შესაფერისია“, – განაცხადა დი რესტამ.
მანქანა ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტის“ ტექნიკის კორესპონდენტ გერი ანდერსონსაც მოეწონა. ეს კაცი ამ გუნდში ჯერ კიდევ მაშინ მუშაობდა, როდესაც მას „ჯორდანი“ ერქვა და მისი აზრი ანგარიშგასაწევია: „ძალიან მომეწონა. ყოველ შემთხვევაში, რაც აქამდე მანქანები ვნახეთ, ყველაზე კარგად ეს გამოიყურება. მანქანა ყველა ასპექტში კარგად გამოიყურება. შესაძლოა, გამოსაბოლქვები გაურკვეველ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ამ ნაკლის გამოსწორება, სეზონის დაწყებამდე სრულიად შესაძლებელია“.
„ფორს ინდიას“ ტექნიკური დირექტორი ენდრიუ გრინი თვლის, რომ ჩასაბერი დიფუზორების აკრძალვით, ყველაზე მეტად მოგებული სწორედ მისი გუნდი დარჩება. ის აღიარებს, რომ გასულ სეზონში, მანქანის მთავარი ნაკლი, სწორედ დიფუზორი იყო, რომლის სრულყოფაც ვერაფრით მოხერხდა. ამიტომ, მისი აკრძალვა გუნდს უფრო გამოადგება, ვიდრე დააზარალებს. მითუმეტეს, ლიდერებს ეს უპირატესობა აღარ ექნებათ.
„დიფუზორის პოტენციალი, ჩვენ ბოლომდე ვერაფრით ავითვისეთ. ყოველ შემთხვევაში, არის გუნდები, რომლებმაც ამ დეტალით ბევრი იხეირეს. ამიტომ, მისი აკრძალვა, მათ უფრო დააზარალებს, ვიდრე ჩვენ. ახალ მანქანაზე მუშაობისას, ჩვენი მტავარი მიზანი ის იყო, რომ მაქსიმალური ჩაჭიდება მიგვეღო“, – ამბობს გრინი და დასძენს, რომ ახალი რეგლამენტის წყალობით, გუნდეების შესაძლებლობებს შორის განსხვავება შემცირდება: „ვფიქრობ, პელოტონი უფრო შემჭიდროვდება“.
ის ამბობს, რომ VJM05 აეროდინამიკურად დახვეწილი ავტომობილია. მთავარი ყურადღება წინა ფრთას მიექცა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს მთლიანად მანქანის გარშემო მოძრავი ჰაერის ოპტიმალურად განაწილებაში: „ჩვენთვის მთავარი ცვლილება, აეროიდნამიკის ფილოსოფიის შეცვლა იყო. ეს საქმე, წინა ფრთის შეცვლით დავიწყეთ. ამით, მთლიანად მანქანის საბაზისო სტრუქტურები განვსაზღვრეთ. საკმაოდ ბევრი დრო დაგვჭირდა იმისათვის, რომ ძველი ფილოსოფია შეგვეცვალა. გასულ სეზონში, ამ მიმართულებით რამდენიმე ცდა ჩავატარეთ და მაშინ მიღებული გამოცდილება, ამ მანქანაზე მუშაობისას გამოვიყენეთ. ახალი კონცეპციის სრულყოფილებაში, აეროდინამიკურ მილში ტესტების დროს დავრწმუნდით. ახლა კი ტრასაზე პირველ გასვლას ველოდებით და იმედია, პირველი ტესტების შემდეგ, მილში ჩატარებული ცდების შედეგები დადასტურდება“.
ვიდეო
No comments:
Post a Comment