Friday, February 3, 2012

„ფერარის“ იხვნისკარტას გამარჯვება შეუძლია (ვიდეო)

Ferrari expects to win from the start of 2012 F1 season with new car
3 თებერვალი
„ფერარი 2012“ მეორე „იხვნისკარტა“ ბოლიდია, რომელიც ახალი სეზონისთვის უკვე მზადაა. და თუ მის შემქმნელებს დავუჯერებთ, ამ მანქანას გამარჯვება შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, პრეზენტაციაზე, რომელიც ინტერნეტში ფოტოების გამოქვეყნებით შემოიფარგლა, „სკუდერიის“ ხელმძღვანელობა და პილოტები, ოპტიმიზმს აფრქვევდნენ. სხვათა შორის, პრეზენტაცია მარანელოში, კომპანიის სატესტო პოლიგონზე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ცერემონიის ჩატარებას, ხელი დიდთოვლობამ შეუშალა.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენს მანქანას სეზონის დასაწყისიდანვე შეუძლია გამარჯვება. გასული სეზონებიდან ბევრი რამ ვისწავლეთ და არაერთი ძნელი გადაწყვეტილება მივიღეთ. და დარწმუნებული ვარ, ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაო, სათანადო ნაყოფს გამოიღებს“, – განაცხადა „ფერარის“ შეფმა სტეფანო დომენიკალიმ.
ახალ მანქანას რამდენიმე ექსტრემალური გადაწყვეტა გამოარჩევს. მათგან ყველაზე თვალსაჩინო ცხვირზე უზარმაზარი კეხია, რომელიც მანქანას ძალიან ამახინჯებს. თუმცა, როგორც „კატერჰემის“ შემთხვევაში, ეს ახალი რეგლამენტითაა ნაკარნახები – ცხვირის წვერის სიმაღლე შეზღუდულია. ამიტომ, ის შასის წინა ნაწილის გაყოლებაზე ვერ იქნებოდა. და იმისათვის, რომ მანქანის ძირისკენ, ჰაერის შემხვედრი ნაკადის რაც შეიძლება დიდი ნაწილი მიემართათ, აეროდინამიკოსებმა შასის წინა ნაწილი მაქსიმალურად ასწიეს და მას ცხვირის ნაწილი კი უხეშად დაუკავშირეს.
დომენიკალის თქმით, „ფერარი 2012–ს“ ბევრი სიახლე აქვს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის გასული სეზონის F150–სგან ძირეულად განსხვავდება: „ტექნიკური თვალსაზრისით, ბევრი სიახლე გვაქვს. განსაკუთრებით ეს მანქანის მექანიკურ მხარეს ეხება. ამასთან, ჩვენ გვინდოდა, რომ გასულ სეზონში დაწყებული საქმე გაგვეგრძელებინა. იმედია, გაწეული სამუშაო სასურველ შედეგებამდე მიგვიყვანს. ახლა მხოლოდ 12 სატესტო დღე გვაქვს იმისათვის, რომ ეს მანქანა კიდევ უფრო დავხვეწოთ. ამ ეტაპზე, საიმედობის უზრუნველყოფა ერთ–ერთი მთავარი მზანია. გარდა ამისა, უნდა ვნახოთ, როგორ მუშაობს „პირელის“ ახალი საბურავები“.
კიდევ ერთი სიახლეა წინა საკიდარის სისტემა, რომელიც პირველად 2001 წელს „მინარდიმ“ გამოიყენა, მაგრამ მისი სირთულის გამო, ფართო გავრცელება ვერ ჰპოვა. მსგავსი პრინციპით მომუშავე საკიდარს „რედ ბული“ მანქანის უკანა ნაწილში იყენებს. აქამდ პრობლემა ის იყო, რომ ასეთი საკიდარის (სპეციფიკური გეომეტრია აქვს) მანქანის წინა ნაწილში ჩატევა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. თუმცა,ამჯერად მარანელოელებმა ეს შეძლეს. და თან ისე, რომ საკიდარის ქვედა ჩანგალა ბერკეტები ერთ კილზე არ დაამაგრეს. საინტერესოა ისიც, რომ ზედა და ქვედა ჩანგალა–ბერკეტები პარალელურადაა განლაგებული. მათ გასწვრივაა მიმართული მბოძგველი ბერკეტიც. ჰაერის შემხვედრ ნაკადს კი მხოლოდ საჭის ბერკეტი „შეაშფოთებს“.
მარანელოელთა აეროდინამიკოსებმა ბევრი იმუშავეს მანქანის უკანა ნაწილსა და რადიატორის კორპუსებზეც. ესეც რეგლამენტითაა ნაკარნახები – დიფუზორების აკრძალვის გამო, ყველა გუნდის მიზანი ისაა, რომ მანქანის კუდში, ფრთის ქვეშ, ჰაერის ძლიერმა ნაკადმა, რაც შეიძლება თავისუფლად იმოძრაოს. სწორედ ამ ნაკადის ჩამოყალიბებასა და ოპტიმიზაციას ემსახურება რადიატორის კორპუსებიც, რომელთა ჰაერის ამღებიც ზევითაა აწეული, კორპუსის ტანი კი უკან ვიწროვდება და დაბლდება.
„ფერარის“ ტექნიკური დირექტორი პეტ ფრაი აღიარებს, რომ ახალი მანქანის შემუშავებისას, საინჟინროი შტაბი რისკებს არ მოერიდა. თუმცა, საბოლოო პროდუქტი ისეთია, როგორიც ჩაფიქრებული იყო. და ამით საქმე არ დასრულებულა, რადგან გუნდი ამ მანქანის დახვეწას სეზონის დაწყებამდეც აპირებს და სეზონის მსვლელობისას ჩასატარებელი მოდიფიკაციების პროგრამაც უკვე შედგენილი აქვს.
მთავარი დიზაინერი ნიკოლას ტომბაზისი ამბობს, რომ მანქანაზე მუშაობისას, მთავარი წინა სეზონების შეცდომების გათვალისწინება იყო. რაც შეეხება ცხვირის კეხს, ეს იმისთვის გაკეთდა, რომ შასის წინა ნაწილი მაქსიმალურად აეწიათ, რასაც საკიდარისა და აეროდინამიკისთვის ჰქონდა მნიშვნელობა. „შესაძლოა, ცხვირი ესთეტიკურად არ გამოიყურება, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აეროდინამიკური თვალსაზრისით, ეს საუკეთესო გადაწყვეტა იყო“, – ამბობს ტომბაზისი და დასძენს, რომ ახალი საკიდარის სისტემა, სწორედ იმისთვის შეიმუშავეს, რომ ამ ნაწილში მანქანის აეროდინამიკა ოპტიმალური ყოფილიყო.


ვიდეო

No comments:

Post a Comment