Kimi Raikkonen goes quickest for Lotus in first F1 test of 2012
7 თებერვალი
ესპანეთის ხერესში პირველმა წინასასეზონო ტესტმა ჩაიარა. რა თქმა უნდა, მისი შედეგების მიხედვით, ძნელია იმაზე ლაპარაკი, თუ ვინ რამდენად კარგადაა ჩემპიონატისთვის მომზადებული. თუმცა ფაქტია, კიმი რაიკონენმა ისეთი კარგი დრო (1:19.670) აჩვენა, რომ შარშანდელი ტესტების შედეგებსაც აჯობა.
მნიშვნელობა არ აქვს, მისი მანქანის ავზში ცოტა საწვავი ესხა, თუ არა. ფაქტია, რომ „ლოტუსმა“ სწრაფი მანქანა შექმნა. სავარაუდოდ, მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონის და მისი „ლოტუსის“ სახით, ლიდერებს სერიოზული კონკურენტი ეყოლებათ. რეალურად რისი უნარი აქვს „ლოტუსს“, ეს მაშინ გამოჩნდება, როდესაც საჭეს ფრანგი რომენ გროჟანი მიუჯდება.
საერთო ჯამში, ფინელმა პილოტმა 73 წრე გაიარა და მართალია, საღამოს ცივ ასფალტზე დილის შედეგი ვეღარ გააუმჯობესა, მაგრამ მისი ჯობნა მაინც ვერავინ შეძლო. სხვათა შორის, პირველი სამეულის შედეგები საღამოს უცვლელი დარჩა.
თავი გამოიჩინა პოლ დი რესტამაც, რომელმაც საერთო ჯამში, ხერესის ტრასას 101–ჯერ შემოუარა და ფინელს სულ რაღაც, 0.102 წამით ჩამორჩა. და ესეც „ფორს ინდიას“ შესაძლებლობებზე მიგვანიშნებს.
პირველი სესიის დრო ვერც გერმანელმა ნიკო როსბერგმა გააუმჯობესა. ოღონდ ამ შემთხვევაში, ამის მიზეზი ის იყო, რომ ის მიხაელ შუმახერმა შეცვალა. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა 41 წრე გაიარა და მე–6 შედეგს დასჯერდა.
საღამოს ერთი წამით გააუმჯობესა თავისი დილის დრო მარკ უებერმა, რომელმაც ამჯერად 41 წრის გავლა შეძლო. ის მცირედით ჩამორჩა როსბერგს და წამზე მეტით რაიკონენს. სხვათა შორის, ტრასის პირველ სექტორში, უებერის მანქანამ ყველაზე მაღალი სჩქარე – 300 კმ/სთ განავითარა.
თავის თითქმის წამით გააუმჯობესა შედეგი ჯენსონ ბატონმაც, თუმცა საბოლოოდ, ცხრილის მერვე აფეხურს დასჯერდა. და მაინც, კმაყოფილი დარჩა და განაცხადა, რომ „მაკლარენი“ ახალი სეზონისთვის გაცილებით უკეთაა მომზადებული, ვიდრე შარშან ამ დროს იყო.
ხერესის პირველი ტესტების შედეგები
1. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:19.670 (73 წრე)
2. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:19.772 (+ 0.102, 101 წრე)
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:20.219 (+ 0.549, 56 წრე)
4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:20.496 (+ 0.826, 53 წრე)
5. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:20.694 (+ 1.024, 57 წრე)
6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:20.794 (+ 1.124, 41 წრე)
7. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:21.353 (+ 1.683, 106 წრე)
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:21.530 (+ 1.860, 60 წრე)
9. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:22.815 (+ 3.145, 69 წრე)
10. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:23.178 (+ 3.508, 28 წრე)
11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:23.371 (+ 3.701, 25 წრე)
12. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 1:23.676 (+ 4.006, 44 წრე)
No comments:
Post a Comment