Details on 2015 Audi R8 leak out
7 თებერვალი
ამ ავტომობილის პრემიერამდე ჯერ დიდი დროა, თუმცა მის შესახებ მცირე ინფორმაციამ ინტერნეტში უკვე გაჟონა. ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარ–ის“ ვებგვერდი გვატყობინებს, რომ ახალი ავტომობილი მხოლოდ 7–საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფით აღიჭურვება, რომელსაც ძრავთან ორდისკოიანი ქურო დააკავშირებს.
ახალი R8 კვლავ მონოკოკურ მზიდ სისტემას დაეყრდნობა, რომელსაც ალუმინისა და კარბონის კომპოზიტით დაამზადებენ და რომელიც ახლანდელზე მსუბუქი და ხისტი იქნება. სავარაუდოდ, ამ პლატფორმას „ლამბორგინიც“ გამოიყენებს „გალიარდოს“ შემცვლელისთვის. მთლიანობაში, ავტომობილის წონა 1 500 კილოგრამის ფარგლებში იქნება. ანუ, ახლანდელ R8–ზე 135 კილოგრამით მსუბუქი.
ახალი R8–სთვის ორ ძრავს ამზადებენ. მათგან ერთი V8 კონფიგურაციისა იქნება, როგორითაც ახლანდელი მოდელია აღჭურვილი. ოღონდ, ძრავს მოდიფიკაცია ჩაუტარდება. მეორე ძრავი კი V10 იქნება. „ავტოქარი“ ამ აგრეგატების მუშა მოცულობებზე არაფერს წერს, თუმცა ვარაუდობს, რომ პირველის სიმძლავრე 450 ცხენის ძალას, მეორისა კი 550 ცხენის ძალას მიაღწევს. V10 ძრავის უფრო მძლავრი, 580–ცხენისძალიანი ვერსიით, ავტომობილის GT მოდიფიკაცია აღიჭურვება.
„აუტოქარმა“ ასევე დაადგინა ახალი R8–ს დიზაინის თავისებურებანი. კერძოდ, ინფორმაციის წყარომ ახალი R8–ს ესკიზები იხილა და მათზე ახლანდელი R8–სთვის დამახასიათებელი „ლაყუჩები“ ვერ აღმოაჩინა. მისი თქმით, ახალი სუპერ ავტომობილი, კონცეპტუალურ პროტოტიპ „e–ტრონის“ სტილში შესრულდება, ჰაერის ამღებები კი მას „მაკლარენ MP4-12C–ს“ სტილში (ორმაგი ლაყუჩები) ექნება. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ ესკიზები იყო, რომლებიც დახვეწის და სკულპტურაში გადატანის პროცესში ალბათ შეიცვლება.
No comments:
Post a Comment