'F-duct fever' returns to F1 in 2012
11 მარტი
მართალია, ახალი სეზონის მზადების პროცესში, თითქმის ყველა გუნდის „ტვინები“ იმაზე ჩიოდნენ, რომ ახალი რეგლამენტი ეფექტური სიახლეების დანერგვის საშუალებას სპობს, მაგრამ როგორც ჩანს, არც მთლად ასეა საქმე. ყოველ შემთხვევაში, „მერსედესმა“ და როგორც ჩანს „მაკლარენმაც“, რეგლამენტში საკმარისი ღრიჭო აღმოაჩინეს იმისათვის, რომ მათი ინჟინრების აზროვნებისათვის სათანადო გაქანება მიეცათ.
გერმანული გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ იუწყება, რომ „მერსედესმა“ და „მაკლარენმა“ ეგრეთ წოდებული პასიური სისტემები შეიმუშავეს, რომლებიც ერთი შეხედვით აკრძალული აეროდინამიკური ელემენტის, F-ჰაერსადინარის (W-ჰაერსადინარის) გამოყენების საშუალებას იძლევა. ასეთი სისტემა პირველმა „მერსედესმა“ შეიმუშავა, სეზონის დაწყებამდე კი მსგავსი რამ „მაკლარენმაც“ გააკეთა. გარდა ამისა, ეს ორი გუნდი, ანალოგიური სისტემის უკანა ფრთაზე გამოყენებასაც ახერხებს. ამასთან, როგორც ისინი ირწმუნებიან, რეგლამენტში არსებობს პუნქტი, რომელიც გარკვეულ გამონაკლის შემთხვევებში, ასეთი სისტემის გამოყენების უფლებას იძლევა.
გერმანულ ჟურნალს არ დაუზუსტებია უკანა F-ჰაერსადინარის მოქმედების პრინციპი, თუმცა მისი ჟურნალისტი მიხაელ შმიდტი ირწმუნება, რომ რეგულირებად უკანა ფრთასთან (DRS) ერთად, ეს სისტემა უზარმაზარ უპირატესობას იძლევა. ის ამბობს, რომ ბარსელონაში ტესტების პროცესში, „მერსედეს W03-ს“ სწორ მონაკვეთებზე მეტოქეებზე თითქმის 18 კმ/სთ-ით მეტი სიჩქარე ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ F-ჰაერსადინარი პირველმა „მაკლარენმა“ გამოიყენა, მაგრამ 2010 წლის სეზონის ბოლოს, ეს სისტემა აიკრძალა. ამის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ მის მართვაში პილოტი მონაწილეობდა. მაგრამ გასული სეზონის მიწურულს, სამქიმიანებმა წინა ფრთაში მსგავსი სისტემის ექსპერიმენტული ვერსია გამოიყენეს. ახალი სეზონის წინ კი ეს სისტემა (მას უკვე შეარქვეს W-ჰაერსადინარი) დაიხვეწა. ის ლეგალურია, რამდენადაც ის აბსოლუტურად ავტონომიურად მუშაობს.
„აუტო მოტორ უნდ შპორტი“ გვამცნობს, რომ უკანა ფრთის ჰაერსადინარის სისტემა უკვე შემუშავებული აქვთ „მერსედესს“ და „მაკლარენს“. მალე ის „რედ ბულს“ და „ლოტუსსაც“ ექნებათ. ამასთან, ჯერ არავინ იცის, კონკრეტულად რა დანიშნულება აქვს „რედ ბულის“ კეხში არსებულ ჰაერის ამღებს. ავსტრიული გუნდი ირწმუნება, რომ ის ჰაერს კოკპიტისთვის, პილოტის გასაგრილებლად აგროვებს. მაგრამ ამ ზღაპარს არავინ იჯერებს. გუნდის მთავარი ტვინი ედრიან ნიუი კი ამბობს, ამაზე ვერაფერს გეტყვითო...
No comments:
Post a Comment