Sunday, March 11, 2012

ფორმულა 1-2012. გუნდები

Formula One team prospects for 2012 season
11 მარტი
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის ახალი სეზონის დაწყებამდე კვირაზე ნაკლები დარჩა. და ბუნებრივია, ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ინფორმაცია, ჩემპიონატის მონაწილე გუნდების შესაძლებლობათა მოკლე განხილვაა. რა თქმა უნდა, ჩემპიონებით დავიწყებთ:
რედ ბული (RB8, რენო)
დებიუტი 2005 (ავსტრალია), კონსტრუქტორთა ტიტული 2, გამარჯვება 27, პოული 38
სებასტიან ფეტელი (გერმანია), მარკ უებერი (ავსტრალია)
რა თქმა უნდა, „წითელი ხარები“ და მათი ჩემპიონი ისევ ტიტულისთვის იბრძოლებენ. მაგრამ ისეთი დომინაცია, როგორიც შარშან ჰქონდათ, ალბათ ვერ განმეორდება. ტესტების განმავლობაში, მანქანა რამდენჯერმე გაჭირვეულდა, თუმცა ტესტები ხომ იმისთვისაა, რომ მანქანა სეზონის დაწყებამდე დაიხვეწოს... ედრიან ნიუი კი ის კაცია, ვინც სეზონზე რამე საინტერესო სიახლეს აუცილებლად მოამზადებდა. მთავარი სიახლე შესაძლოა, მანქანის კეხში იყოს, რომელიც ჰაერს აგროვებს და სად გზავნის, ჯერ ამაზე არავინ არაფერი იცის.
ამ სეზონში უფრო მეტია მოსალოდნელი უებერისგან, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, მას ისეთივე თავისუფლება მისცენ, როგორც 2010 წლის სეზონში, როცა ტიტულისთვის ბოლომდე იბრძოლა.
და ორი საინტერესო სტატისტიკური მონაცემი: ფ1-ის ისტორიაში მხოლოდ ორმა პილოტმა - მიხაელ შუმახერმა და ხუან მანუელ ფანხიომ, შეძლო ზედიზედ სამი (ან მეტი) ტიტულის მოპოვება. და მხოლოდ „ფერარის“, „მაკლარენს“ და „უილიამსს“ აქვთ მოგებული ზედიზედ სამჯერ კონსტრუქტორთა თასი;



მაკლარენი (MP4-27, მერსედესი)
დებიუტი 1966 (მონაკო), კონსტრუქტორთა ტიტული 8, გამარჯვება 175, პოული 147

ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი), ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი)
გასული სეზონი გუნდმა მდევრის როლში გაატარა. ახალ სეზონს კი გაცილებით უკეთ მომზადებული ხვდება. საყოველთაო აღიარებით, MP4-27 ყველაზე ლამაზი მანქანაა, თუმცა მთავარი ისაა, რომ ტესტებისას ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. ორივე პილოტი საბრძოლო განწყობაზეა. განსაკუთრებით კი ეს ჰამილტონს ეტყობა, ვისაც სურს, რომ თავის კარიერაში ყველაზე წარუმატებელი სეზონი მალე დაივიწყოს. მასაც და ბატონსაც, მეორე ტიტულის მოპოვების რეალური შანსი აქვთ. არაა გამორიცხული, რომ ეს სეზონი მათი კარგი ურთიერთობისთვის სერიოზულ გამოცდად გადაიქცეს...

ფერარი (ფერარი)
დებიუტი 1950 (მონაკო), კონსტრუქტორთა ტიტული 16, გამარჯვება 216, პოული 205
ფერნანდო ალონსო (ესპანეთი), ფელიპე მასა (ბრაზილია)
ფორმულა 1 იტალიელი მრბოლების გარეშე დარჩა, რაც დაახლოებით 40 წლის განმავლობაში პირველად ხდება. თუმცა ფ1-ის იტალიელი ქომაგებისთვის ამას დიდი მნიშვნელობა სულაც არ აქვს. ისინი „ფერარიზე“ ლოცულობენ და ის დრო მოენატრათ, როდესაც წითელი მანქანები პირველები აღწევდნენ ფინიშს. შარშან ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ მოხდა. რა იქნება ახალ სეზონში? ძნელი სათქმელია, თუმცა დასაწყისისთვის კარგ პროგნოზს თავად მარანელოელებიც კი არ აკეთებენ. თანაც, მანქანა ძალიან უშნოდაც გამოიყურება, რაც „ფერარის“ ფანებს სულაც არ ახარებს. როგორც ყოველთვის, ალონსო ამ მანქანითაც გამარჯვებისთვის იბრძოლებს, რაც შეეხება მასას, დიდი შანსია იმისა, რომ ბრაზილიელი „სკუდერიაში“ ბოლო სეზონს ატარებს. ყოველ შემთხვევაში, თუ წასვლა არ უნდა, მაშინ გუნდის ხელმძღვანელობა კარგი შედეგებით უნდა გააკვირვოს...



მერსედესი (W03, მერსედესი)
დებიუტი 1954 (საფრანგეთი), კონსტრუქტორთა ტიტული 0, გამარჯვება 9, პოული 8

ნიკო როსბერგი (გერმანია), მიხაელ შუმახერი (გერმანია)
ამ სეზონში სამქიმიანებისგან ყველა სოლიდურ პროგრესს ელის. ყველაზე დიდი ინოვაცია სწორედ მათ აქვთ და ტესტებზეც სტაბილურად სწრაფები იყვნენ. მოკლედ, როსბერგი თავის პირველ გამარჯვებასთან ახლოს უნდა იყოს, შუმახერს კი 92-ე გამარჯვება სწყურია. გუნდმა სეზონებს შორის თავისი ტექნიკური პერსონალი გაზარდა, რამაც მის შედეგებზე დადებითად უნდა იმოქმედოს. თავად პროგნოზებში ფრთხილობენ, თუმცა ეს სულაც არაფერს ნიშნავს;

ლოტუსი (E20, რენო)
დებიუტი 1977 (ბრიტანეთი), კონსტრუქტორთა ტიტული 2, გამარჯვება 35, პოული 51
კიმი რაიკონენი (ფინეთი), რომენ გროჟანი (საფრანგეთი)
ამ „ლოტუსს“ ლეგენდარული კოლინ ჩეპმენის გუნდთან მხოლოდ სახელი აკავშირებს. რეალურად, ის „ბენეტონის“ შთამომავალია. მთავარი კი ისაა, რომ ტესტებზე გუნდი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მართალია, ბარსელონაში ჩავარდნაც ჰქონდათ - წინა საკიდარს გადაკეთება დასჭირდა, მაგრამ ტესტების ბოლო სერიამ აჩვენა, რომ „ლოტუსი“ ძალიან კარგადაა მომზადებული. თანაც, მას რაიკონენის სახით სერიოზული კოზირი ჰყავს. რაც შეეხება გროჟანს, მისი სახით შესაძლოა ახალი ვარსკვლავი ვიხილოთ...

ფორს ინდია (VJM05, მერსედესი)
დებიუტი 2008 (ავსტრალია), კონსტრუქტორთა ტიტული 0, გამარჯვება 0, პოული 1
პოლ დი რესტა (ბრიტანეთი), ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია)
ინდური გუნდიც წინსვლისთვის ემზადება. ეს ნამდვილი ინდური ძალაა, რომელმაც წინა სეზონებში არაერთხელ სასიამოვნოდ გაგვაოცა. და ტესტებზეც ახალი მანქანა კარგად გამოიყურებოდა. დაკიდევ, ორივე პილოტი ახალგაზრდა და ამბიციურია;




ზაუბერი (C31, ფერარი)
დებიუტი 1993 (სამხ.აფრიკა), კონსტრუქტორთა ტიტული 0, გამარჯვება 1, პოული 1

კამუი კობაიაში (იაპონია), სერხიო პერესი (მექსიკა)
გუნდმა სეზონებს შორის ტექნიკური დირექტორი ჯეიმს კეი დაითხოვა, რაც სოლიდური დანაკლისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ირკვევა, ეს ასე არაა - შვეიცარიული საჯინიბო სოლიდურ გუნდად ჩამოყალიბდა და ერთი კაცის წასვლით, დიდად არ დაზარალებულა. ეს კი ტესტებზე დაგვანახა. მანქანა კარგია, თუმცა რამდენად კარგი, ეს მელბურნში გამოჩნდება. რაც შეეხება პილოტებს, ისინი ბრძოლისუნარიანები არიან და ჟინიც არ აკლიათ. მოკლედ, კარგი მანქანა სჭირდებათ და დანარჩენი მაგათზე იყოს. „ზაუბერის“ მთავარ პრობლემად კვლავ სპონსორების ნაკლებობა რჩება;

ტორო როსო (STR7, ფერარი)
დებიუტი 2006 (ბაჰრეინი), კონსტრუქტორთა ტიტული 0, გამარჯვება 1, პოული 1
დანიელ რიკიარდო (ავსტრალია), ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი)
ესაა ყოფილი „მინარდი“, თუმცა ოფიციალურად მისი ისტორია მას შემდეგ იწყება, რაც „რედ ბულის“ შვილობილი გუნდი გახდა. ისევე როგორც გასული სეზონის დასაწყისში, ამჯერადაც მისგან სიურპრიზია მოსალოდნელი. შარშან სიურპრიზი ვერ მივიღეთ. რა იქნება ამ სეზონში, ძნელი სათქმელია. სხვა თუ არაფერი, გუნდს ორი ახალი პილოტი ჰყავს, რომელთაგან ერთი ფ1-ის დებიუტანტია. მათი მთავარი მოტივაცია ისაა, რომ თავის გამოჩენის შემთხვევაში, „რედ ბულში“ გადასვლის პერსპექტივა უჩნდებათ. სწორედ „ტორო როსოდან“ გადავიდა ავსტრიულ გუნდში სებასტიან ფეტელი, რომელმაც იტალიურ გუნდს ერთადერთი გამარჯვება, წვიმიან მონცას რბოლაში მოუპოვა. ამ სეზონში „ტორო როსოს“ მიზანი, მოწინავე შვიდეულში შესვლაა;

უილიამსი (FW34, რენო)
დებიუტი 1975 (არგენტინა), კონსტრუქტორთა ტიტული 9, გამარჯვება 113, პოული 126
პასტორ მალდონადო (ვენესუელა), ბრუნო სენა (ბრაზილია)
არ შეცდებით თუ იტყვით, რომ შარშანდლი სეზონი „უილიამსს“ გაუცდა - მტელ სეზონში მხოლოდ ხუთი ქულა ამ ტიტულოვანი საჯინიბოსთვის ნამდვილი კატასტროფა იყო. ამაზე უარესის წარმოდგენაც კი ფრენკ უილიამსს ალბათ იმაზე მეტად ზარავს, ვიდრე ის ავარია, რომლის შემდეგაც ინვალიდის სავარძლით დადის. გუნდიდან წავიდა პატრიკ ჰედი. პოზიციებს თავად ფრენკ უილიამსიც თმობს. „უილიამსისთვის“ ახალი ეპოქა იწყება და იმედია, ეს ეპოქა, გუნდის ისტორიის პირველ ნაწილზე უარესი არ აღმოჩნდება...

კატერჰემი (CT01, რენო)
დებიუტი 2010 (ბაჰრეინი), კონსტრუქტორთა ტიტული 0, გამარჯვება 0, პოული 0
ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი), ვიტალი პეტროვი (რუსეთი)
ამ გუნდს პელოტონში გადასვლის პრეტენზია აქვს. ახალბედებში რომ საუკეთესოა, ეს უკვე ეჭვს აღარც იწვევს. და ახლა წინსვლის დროა. გუნდის შეფი ტონი ფერნანდესი კმაყოფილი დარჩება, თუ მისი ბიჭები პირველი ქულების მოპოვებას შეძლებენ. ოპტიმიზმის საფუძველს ის ფაქტი იძლევა, რომ „კატერჰემის“ მანქანა პირველად აღიჭურვა სისტემა კერს-ით. რა თქმა უნდა, ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ ამიერიდან გუნდი „რენოს“ ძრავებით იასპარეზებს. მეორე მხრივ, გუნდში იარნო ტრულის ნაცვლად, პაი-მრბოლ პეტროვის მოყვანა იმის ნიშანია, რომ „კატერჰემს“ სპონსორული მხარდაჭერა აკლია...

ისპანია (F112, კოსუორტი)
დებიუტი 2010 (ბაჰრეინი), კონსტრუქტორთა ტიტული 0, გამარჯვება 0, პოული 0
პედრო დე ლა როსა (ესპანეთი), ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი)
ესპანურმა გუნდმა ტესტებზე ახალი მანქანის გამოყვანაც კი ვერ შეძლო. მას ყველაზე ხნიერი პილოტები (საშუალო ასაკი 38 წელი) ჰყავს და რესურსებშიც ძალიან შეზღუდულია. „ისპანიას“ ძალიან უნდა გაუმართლოს, რომ პირველ ქულას დაეუფლოს...

მარუსია (MR-01, კოსუორტი)
დებიუტი 2010 (ბაჰრეინი), კონსტრუქტორთა ტიტული 0, გამარჯვება 0, პოული 0
ტიმო გლოკი (გერმანია), შარლ პიკი (საფრანგეთი)
„მარუსიაც“ ცუდ დღეშია. თუმცა, „ისპანიასგან“ განსხვავებით, რესურსების და ძლიერი პარტნიორების ნაკლებობას არ უჩივის. ჯერ ერთი, მანქანა პეტ სიმონდსმა დააპროექტა. მეორეც, პარტნიორად „მაკლარენი“ ჰყავს. სამაგიეროდ, ტესტებზე არც ამათს ახალ მანქანას უვლია. გუნდს ყველაზე მცირე ბიუჯეტი აქვს და „ისპანიას“ მსგავსად, მასაც ძალიან უნდა გაუმართლოს, რომ პირველი ქულები მოიპოვოს.

No comments:

Post a Comment