11 მარტი
ავტოსპორტის ამერიკელ პრომოუტერებს თავიანთ ქვეყანაში ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟის ზუსტი ასლის აგება აქვთ გადაწყვეტილი. ამ საქმეს საპრომოუტერო კომპანია „სპიდუეი მოტორსპორტსის“ შეფი ბრეიტონ სმიტი თაოსნობს. მისი კომპანია, ამერიკაში ავტორბოლების ერთ-ერთი მოწინავე ორგანიზატორია, თუმცა ნურბურგრინგის ასლი რბოლებისთვის არ სჭირდება.
სმიტს გერმანული ტრასის ასლის შტატ ნევადაში, ქალაქ ლას ვეგასის მახლობლად აგება სურს. მას შესაფერისი ადგილიც კი შეურჩევია, რომელიც ლას ვეგასის გარეუბანში მდებარე ოვალურ ტრეკ „ლას ვეგას მოტორ სპიდუეიდან“ 16 კილომეტრში მდებარეობს. თუმცა ამ ეტაპზე, სმიტი მოლაპარაკებას გერმანული ავტოდრომის მფლობელებთან აწარმოებს, რომელთაგან ტრასის ზუსტი ასლის გამოყენების უფლების მიღება სურს. გარდა ამისა, სმიტი შტატის გუბერნატორთანაც აწარმოებს მოლაპარაკებას. მას იმედი აქვს, რომ ტრასის ასაშენებლად, დაახლოებით 8000 აკრი (1 აკრი = 4 046 კვ.მ) ფართობის შეძენას შეძლებს.
სმიტი ამბობს, რომ ამერიკულ ნურბურგრინგზე რბოლების გამართვას არ აპირებს. ისევე როგორც გერმანული ტრასა, მისი ამერიკული ასლიც ძირითადად სატრეკო დღეებს უმასპინძლებს, რომლებზეც, ტრასაზე თავისი „ბედაურით“ ჯირითს ნებისმიერი მსურველი შეძლებს. გარდა ამისა, ტრასას იჯარით ავტომწარმოებლებიც გამოიყენებენ, რომლებიც იქ საკუთარი ავტომობილების გამოცდებს მოაწყობენ.
ცნობისათვის, ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟის სიგრძე 20 კილომეტრზე მეტია და ის თითქმის ას მოსახვევს შეიცავს. გარდა ამისა, ტრასის უმაღლეს და უდაბლეს წერტილებს შორის სიმაღლე 300 მეტრს აღწევს.
No comments:
Post a Comment