11 მარტი
ფრანგულმა გამოცემა „თუმოროუნიუსF1-მა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელშიც ფორმულა ერთის გასული სეზონის მონაწილე პილოტების ხელფასებზეა ლაპარაკი. ეს ინფორმაცია გამოცემამ ყოველწლიურ ცნობარ „ბიზნეს ბუკ GP-სგან“ მოიპოვა, რომელიც მალე უნდა გამოვიდეს. ცნობარი მალე უნდა გამოვიდეს და მასში დაწვრილებით იქნება განხილული პილოტების შემოსავლები, რომლებშიც ხელფასის და პრემიების გარდა, საპრიზო და სასპონსორო შემოსავლებიც შედის.
როგორც გაირკვა, შარშან ყველაზე მეტი შემოსავალი ფერნანდო ალონსოს ჰქონდა, რომელიც უკვე სამი სეზონია, ფორმულა ერთში ყველაზე დიდშემოსავლიანი პილოტია. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა საკუთარი ბიუჯეტი 35 მილიონი ევროთი გაზარდა. ცნობისათვის, წინა სეზონში მისი შემოსავალი 30 მილიონი ევრო იყო.
ხელფასების რეიტინგში მეორე ადგილზე მიხაელ შუმახერია, რომლის ანაზღაურებამაც ჯამში 31 მილიონი ევრო შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში ამ ორ პილოტზე მხოლოდ ერთი გამარჯვება მოდის. მესამე ყველაზე შემოსავლიანი მრბოლი ლუის ჰამილტონი გახდა, რომელმაც სხვადასხვა არხით 29.5 მილიონი ევრო მიიღო.
„მხოლოდ“ 18.5 მილიონი ევრო მიიღო მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა. საინტერესოა, რომ თავისი პირველი ჩემპიონობის სეზონში, ფეტელმა მხოლოდ 2 მილიონი ევრო მიიღო. ასე რომ, შარშან მისი შემოსავალი 9-ჯერ გაიზარდა. მას 4 მილიონზე მეტით ჩამორჩა ჯენსონ ბატონი.
სიაში სულ 18 პილოტია შეყვანილი. ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდები ხელფასს მხოლოდ მათ უხდიდნენ. დანარჩენი 9 პილოტი კი სპონსორების ხარჯზე გამოდიოდა. ანუ, გუნდებში მათს ადგილს სპონსორების მხარდაჭერა უზრუნველყოფდა. ასეთები არიან: პასტორ მალდონადო (ვენესუელა), პოლ დი რესტა (ბრიტანეთი), ბრუნო სენა (ბრაზილია), ვიტალი პეტროვი (რუსეთი), ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია), დანიელ რიკიარდო (ავსტრალია), პედრო დე ლა როსა (ესპანეთი), კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი) და ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი).
პილოტების შემოსავლები გასულ სეზონში
1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 35
2. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 31
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 29.5
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 18.5
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 14.1
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 12.2
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 12
8. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 9
9. იარნო ტრული (იტალია, ლოტუს/კატერჰემი) 4.5
10. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუს/კატერჰემი) 3.5
11. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 2.7
12. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო/ლოტუსი) 2.5
13. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 2.2
14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1.3
15. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1.1
16. ჰაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 0.8
17. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 0.4
18. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 0.2
No comments:
Post a Comment