Marussia F1 team appoint female test driver
11 მარტი
ფორმულა ერთის მაჩანჩალა გუნდმა „მარუსიამ“ თავის სატესტო მრბოლად ესპანელი ქალი მარია დე ვილიოტა დაასახელა, რომელსაც ფორმულა ერთის მანქანის მართვის გამოცდილება აქვს. შარშან, ლე კასტელეს ავტოდრომზე, ყოფილი „რენოს“ (ახლანდელი ლოტუსის) მანქანა გამოსცადა. მარია ფორმულა ერთის ყოფილი ესპანელი მრბოლის, ემილიო დე ვილიოტას შვილია. ამას 1977 წელს ორ რბოლაში მიუღია მონაწილეობა და ორივე უქულოდ დაუსრულებია.
რუსული ლიცენზიით დარეგისტრირებულმა, თუმცაღა ბრიტანეთში ბაზირებულმა „მარუსიამ“ გამოაცხადა, რომ შესაძლოა, სეზონის მიწურულს, დე ვილიოტას მანქანის მართვის საშუალებაც მისცეს. მართალია, ამისათვის შესაფერისი დრო აგვისტოში შეიძლება იყოს, როდესაც გუნდებს იტალიის მუჯელოს ტრასაზე ტესტების უფლება ექნებათ, მაგრამ „მარუსიაში“ თვლიან, რომ უკეთესი იქნება, თუ თავიანთ ტესტ პილოტს ტრასაზე გამოსვლის უფლებას აბუ დაბის ტესტებზე მისცემენ, როდესაც ტრასაზე ახალგაზრდა პილოტები გამოვლენ.
„ჩემთვის ფორმულა ერთის გუნდთან მუშაობა ფანტასტიკური გამოწვევაა. ეს უზარმაზარ გამოცდილებას შემძენს, რაც კარიერაში ძალიან გამომადგება. გუნდთან ერთად რბოლებს დავესწრები და ეს მხოლოდ გააძიერებს ჩემს ამბიციებს, რომელშიც ფ1-ში კარიერის გაგრძელება შედის“, - განაცხადა 32 წლის ესპანელმა.
ცნობისათვის, მარია დე ვილიოტა ფორმულა ერთის ისტორიაში პირველი ქალი მრბოლი არაა. სუსტი სქესის მრბოლთაგან ყველაზე წარმატებული იტალიელი ლელა ლომბარდი იყო, რომელმაც 1975 წლის ესპანეთის დიდი პრიზი მეექვსე ადგილზე დაასრულა, მაგრამ რბოლა სტარტიდან მხოლოდ 29 წრის შემდეგ, ავარიის გამო დასრულდა (რომლის დროსაც, ხუთი მაყურებელი დაიღუპა), მხოლოდ ნახევარი ქულა მიიღო.
No comments:
Post a Comment