Fiat Management to Meet with Italian Prime Minister to Discuss its Future
19 მარტი
„ფიატმა“ გამოაცხადა, რომ თავის მთავარ აღმასრულებელ სერჯო მარკიონეს (ფოტოზე) გასული წლის ხელფასის სახით, 14.5 მილიონი ევრო (დაახლოებით 19 მილიონი დოლარი) გადაუხადა. აქედან 2.45 მილიონი ევრო ნაღდი ფულით, 12.01 მილიონი კი აქციების სახით. სამაგიეროდ „კრაისლერისგან“, რომლის მტავარი აღმასრულებელიცაა, მარკიონეს ცენტიც არ მიუღია.
მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მარკეტინგის ფაკულტეტის პროფესორი ჯულიანო ნოჩი ამბობს, რომ ავტოინდუსტრიაში, მარკიონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტოპ მენეჯერია. მაგრამ ის ფაქტი, რომ ხელფასის დიდი ნაწილი აქციების სახით მიიღო, იმაზე მეტყველებს, რომ ის კომპანიის რისკებზე, ნაწილობრივ საკუთარი ქონებიტაც აგებს პასუხს.
შედარებისთვის, მარკიონეზე მეტი ხელფასი შარშან მხოლოდ ორი კომპანიის მტავარმა აღმასრულებელმა მიიღო. კერძოდ, „ფოლკსვაგენის“ მარტინ ვინტერკორნის ჯამურმა ანაზღაურებამ 17.5 მილიონი ევრო შეადგინა, „ფორდის“ შეფმა ალან მიულალიმ კი საკუთარი ბიუჯეტი წარმოუდგენლად დიდი თანხით - 58.3 მილიონი დოლარით შეავსო.
სამაგიეროდ, უხელფასოდ მუშაობამ მოუწია მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის, „ჯენერალ მოტორსის“ მთავარ აღმასრულებელ დენ აკერსონს. რა თქმა უნდა, ის ხელფასს მიიღებს, თუმცა ეს საკითხი პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის გადასაწყვეტია - აკერსონი კომპანიის სათავეში სწორედ აშშ-ის მთავრობამ მიიყვანა, როცა „ჯენერალ მოტორსი“ მართვადი გაკოტრების რეჟიმში მუშაობდა.
და ისევ „ფიატის“ და მისი ხელმძღვანელობის შესახებ. იტალიურ კონცერნს ამჟამად კრიზისული პერიოდი აქვს. მარკიონე გამოსავალს ორი იტალიური ქარხნის დახურვაში ხედავს, რასაც რა თქმა უნდა, იტალიის მთავრობა ეწინააღმდეგება. ამ და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად, მარკიონე და „ფიატის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჯონ ელკანი (ვინც კონცერნის დამაარსებელ ჯოვანი ანიელის შვილიშვილია), იტალიის პრემიერ მინისტრ მარიო მონტის შეხვდნენ. შეხვედრას ასევე შრომისა და მრეწველობის მინისტრები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ მონტი „ფიატში“ წლების განმავლობაში მუშაობდა. იგი ანიელის ოჯახის მეგობარია, 1988-1993 წლებში კი კონცერნის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. პრემიერ მინისტრის რანგში კი ის „ფიატის“ ხელმძღვანელობას პირველად შეხვდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რაზე მოილაპარაკეს მხარეებმა.
No comments:
Post a Comment