Friday, March 16, 2012

სეზონი წვიმის აკომპანიმენტით გაიხსნა

McLarens set early pace in soggy Melbourne
16 მარტი
როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის ახალი სეზონი... წვიმამ გახსნა. პირველი თავისუფალი პრაქტიკის დაწყებამდე, მელბურნში გვარიანად იწვიმა. საწვიმარი საბურავებით ტრასაზე გამოსვლისგან კი კარგა ხანს ყველა თავს იკავებდა. სველ ტრასაზე მხოლოდ „ტორო როსოს“ პილოტებმა ინავარდეს და ცხრილის სათავეშიც ჟან-ერიკ ვერნი და დანიელ რიკიარდო მოექცნენ.
სესია ნახევარი საათის დაწყებული იყო, რომ ასფალტმა გაშრობა დაიწყო და ტრასაც თანდათან შეივსო მოვარჯიშე მანქანებით, თავიდან კამუი კობაიაშიმ და მიხაელ შუმახერმა გაცვალეს სწრაფი წრეები. მათს ყოველ მომდევნო გამოსვლას ახალი საუკეთესო შედეგი მოჰქონდა. მერე კი, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა კარგა ხნით დაისაკუთრა ცხრილის მოწინავე ადგილი.
სესიის დასრულებას 9 წუთი აკლდა, როცა ჯენსონ ბატონმა შუმახერი ჩამოაქვეითა და აქედან მოყოლებული, მასზე უკეთესი დრო არავის უჩვენებია. „მაკლარენის“ პილოტს ყველაზე მეტად ისევ მისივე თანაგუნდელი ლუის ჰამილტონი მიუახლოვდა. საბოლოოდ, შუმი მესამეზე დარჩა, მას კი მცირედით ჩამორჩა ფერნანდო ალონსო, რომელსაც ბოლო წრეზე, ბოლო მოსახვევში მანქანა ძლიერ მოუცურდა, თუმცა მისი დამორჩილება შეძლო და ფინიშის ხაზიც მშვიდობიანად გადაკვეთა.
მხოლოდ მე-11 შედეგს დასჯერდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი, რომელმაც ვერც მეორე პრაქტიკაზე გამოიჩინა თავი და მისი დასრულების შემდეგ განაცხადა, კვალიფიკაციამდე ოპტიმალური ბალანსი თუ ვერ ვიპოვნეთ, ავსტრალიაში ბევრს ვერაფერს გამოვრჩებიო.
სესიებს შორის ისევ გაწვიმდა და მეორე პრაქტიკა წვიმის აკომპანიმენტით დაიწყო. სველ ტრასაზე გამოსვლას კი ბევრი ერიდებოდა - ბეტონის კედლებში ჩამჯდარი ტრასა მცირე შეცდომებსაც არ პატიობს და ასე მანქანის სერიოზულად დაზიანება ძალიან ადვილია. სეზონის დასაწყისში კი გუნდების უმეტესობას ყოველ პილოტზე მხოლოდ ერთი შასი აქვს. მისი დაზიანება კი რბოლის გამოტოვების ტოლფასი შეიძლება გახდეს...
კარგა ხანს, ტრასაზე მანქანები კანტი-კუნტად მოძრაობდნენ. ამ დროს, საშუალო საწვიმარი საბურავებით მოვარჯიშე შუმახერი და სერხიო პერესი ყველაზე სწრაფები იყვნენ. სესიის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე კი ასფალტმა შრობა იწყო და ალბერტ პარკიც ახმაურდა.
ბოლო წუთებზე, შუმახერსა და ნიკო ჰულკენბერგს შორის საინტერესო პაექრობა გაიმართა. ამ დროს პირველი საშუალო სიმყარის საბურავებით ვარჯიშობდა, მეორე კი - რბილებით. საბოლოოდ, უფრო გამოცდილმა შუმახერმა იმარჯვა და ცხრილის სათავეში დამკვიდრდა.


პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:27.560
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:27.805
3. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:28.235
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:28.360
5. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:28.467
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:28.683
7. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)       1:28.908
8. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)        1:29.415
9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                          1:29.565
10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         1:29.722
11. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:29.790
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:29.865
13. პოლ დი რესტა, ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:29.881
14. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:29.953
15. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           1:30.124
16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:30.515
17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1:30.586
18. ფელიპე მასა (ბტაზილია, ფერარი)                           1:30.743
19. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:31.178
20. ვიტალი პეტროვი (რუსეთი,კატერჰემი)                  1:31.983
21. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                             1:34.730
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                          1:40.256
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               დროის გარეშე
24. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 დროის გარეშე

მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:29.183
2. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:29.292
3. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                            1:30.199
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:30.341
5. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                           1:30.709
6. პოლ დი რესტა, ბრიტანეთი, ფორს ინდია)              1:31.466
7. ფელიპე მასა (ბტაზილია, ფერარი)                             1:31.505
8. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)                 1:31.932
9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:32.184
10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:32.194
11. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:32.296
12. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                             1:32.632
13. ვიტალი პეტროვი (რუსეთი,კატერჰემი)                  1:32.767
14. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:32.822
15. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:33.039
16. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)          1:33.252
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:34.108
18. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:34.275
19. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:34.312
20. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:34.485
21. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:34.604
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                           1:34.770
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               1:42.627
24. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)         დროის გარეშე

No comments:

Post a Comment