Mercedes rues high tyre degradation after Australian Grand Prix slump
18 მარტი
სეზონის დაწყებამდე, ბევრი ანალიტიკოსი ვარაუდობდა, რომ „მერსედესის“ მანქანები ინტენსიურად ცვეთენ საბურავებს, რაც რბოლებში მათს კონკურენტუნარიანობაზე აუცილებლად უარყოფითად აისახებოდა. ბარსელონას ტესტების შემდეგ, სამქიმიანების შეფი როს ბრაუნი ამ ვარაუდს უარყოფდა, თუმცა მელბურნში რბოლის შემდეგ, მანვე აღიარა, რომ მიხაელ შუმახერის და ნიკო როსბერგის წარუმატებლობა სწორედ საბურავების სწრაფმა დეგრადაციამ განაპირობა.
„თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად დაიწყო. მაგრამ რბოლაში კარგი შედეგი ვერ მივიღეთ. შესანიშნავი სტარტის მიუხედავად, მიხაელს და ნიკოს თავიდანვე გაუჭირდათ ტემპის შენარჩუნება, რადგან საბურავები სწრაფად გაცვდა. მაღალი ტემპერატურის გამო, სამუშაო რეჟიმიდან ამოვვარდით და საბურავების ინტენსიური ცვეთა სწორედ ამან გამოიწვია“, - ამბობს ბრაუნი და დასძენს:„ყოველივეს მიუხედავად, პოზიტიურ განწყობას ვინარჩუნებთ. ამის საბაბს კი ტესტებსა და მელბურნში, რბოლამდე ნაჩვენები შედეგები გვაძლევს. მიღებული მონაცემების მიხედვით, ჩვენი მანქანა ძალიან სწრაფია და მას განვითარების სოლიდური პოტენციალი გააჩნია. ახლა მთავარია, რომ რბოლის ნიუანსები გავაანალიზოთ, პრობლემის არსს ჩავწვდეთ და მისი მიზეზები აღმოვფხვრათ“.
შუმახერი ამბობს, რომ პრობლემებმა კარგი შედეგის მიღწევის შანსი არ დაუტოვა. ამასთან, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მალაიზიის რბოლისთვის ოპტიმისტურადაა განწყობილი: „მჯერა, კარგი შედეგი მექნებოდა. ყოველივეს მიუხედავად, აქედან პოზიტიური განწყობა მომყვება, რადგან დავრწმუნდით იმაში, რასაც ვიმედოვნებდით. პროგრესი აშკარად იგრძნბა. ახლა მთავარია, ამავე ტემპით გავაგრძელოთ განვითარება“.
შეგახსენებთ, რომ კვალიფიკაციაში შუმახერს მეოთხე საუკეთესო დრო ჰქონდა, როსბერგი კი მეშვიდე შედეგს დასჯერდა. მაგრამ რბოლა ორივემ ქუქლოდ დაასრულა.
No comments:
Post a Comment