Jenson Button was 'more than marginal' on fuel during the Australian Grand Prix
18 მარტი
ავსტრალიის დიდი პრიზის შემდეგ, „მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა, რომ მისი პილოტები უფრო სწრაფებიც იქნებოდნენ, გუნდს საწვავთან დაკავშირებით, ტაქტიკური შეცდომა რომ არ დაეშვა. როგორც ირკვევა, ჯენსონ ბატონს და ლუის ჰამილტონს რბოლის დასაწყისიდანვე უწევდათ საწვავის დაზოგვაზე ზრუნვა, რადგან ორივე უფრო მეტ საწვავს ხარჯავდა, ვიდრე ეს გათვლილი იყო.
„ჩვენ შეზღუდულები ვიყავით. თადარიგი რომ არ დაგვეჭირა, ფინიშს ვერცერთი ვერ მიაღწევდა. მერვე წრიდან მოყოლებული, ორივე მანქანა საწვავის დაზოგვის რეჟიმში მუშაობდა. უეჭველია, ეს გარემოება რომ არა, უფრო სწრაფები ვიქნებოდით. აშკარად სწრაფი მანქანა გვყავს და დუბლით უნდა მოგვეგო. თუმცა, მიღწეულითაც კმაყოფილები ვართ“, - ამბობს უიტმარში და ქებით მოიხსენიებს ბატონს, ვინც მთელი რბოლა უშეცდომოდ ჩაატარა.
„ჯენსონმა შესანიშნავად იმუშავა. ის ტემპს მაშინ ზრდიდა, როცა ამის აუცილებლობა იყო. როგორც კი იგრძნო, რომ უსაფრთხოების მანქანის გასვლის შემდეგ, ფეტელი DRS-ის მანძილზე მიუახლოვდა, მაშინვე სიჩქარე გაზარდა. მან მართლაც ბრწყინვალედ იასპარეზა. ის აბსოლუტურად პრაგმატული იყო. ისე იქცეოდა, როგორც ჩემპიონს შეეფერება“.
უიტმარში ასევე დარწმუნებულია, რომ ჰამილტონი მეორე ადგილს დაიკავებდა, რომ გამართლებოდა და უსაფრთხოების მანქანა თუნდაც ერთი წრით ადრე გამოსულიყო ტრასაზე, ან ლუისს ბოქსში შესვლა ერთი წრით გადაედო. მაგრამ ასე არ მოხდა და ფეტელმა ბოქსებში მაშინ შეუხვია, როდესაც პეისკარს პელოტონი ნელი ტემპით მიჰყავდა.
„ლუისმა ადგილი მარტივი მიზეზის გამო დაკარგა. ჩვენ ორივე მანქანას ერთ წრეზე მოვემსახურეთ და მერე უცებ ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. შეიძლებოდა, ლუისის პიტ სტოპი გადაგვედო. მაშინ ის სებასტიანის წინ დარჩებოდა. ამ შეცდომის გამო კი 10 წამი დავკარგეთ. ჩვენ სწრაფები ვართ, მაგრამ ამ ტრასაზე გასწრება ძნელია. მოკლედ, ცოტა არ გაგვიმართლა. ლუისს კი არ უყვარს, როდესაც კვარცხლბეკის დაბალ საფეხურს იკავებს“.
No comments:
Post a Comment