Maldonado moment ruins promising start for Williams
18 მარტი
რომ არა ვენესუელელი პასტორ მალდონადოს ზედმეტი ტემპერამენტი, ახალი სეზონის პირველივე რბოლაში, ის „უილიამსს“ იმაზე მეტ ქულას შესძენდა, ვიდრე ტიტულოვანმა გუნდმა მთელი გასული სეზონის განმავლობაში მოაგროვა. 58-დან 57 წრის განმავლობაში, მალდონადო კონკურენტუნარიანი იყო.
მართალია, მას რბოლის დასაწყისში სერიოზული ინციდენტი შეემთხვა „ლოტუსის“ რომენ გროჟანთან, მაგრამ ამის მიუხედავად, შესანიშნავად იასპარეზა და დიდი შანსი ჰქონდა იმისა, რომ რბოლა მე-6 ადგილზე დაესრულებინა. მაგრამ ბოლო წრეზე, ფერნანდო ალონსოზე იერიშისას შეცდა და კედელს შეასკდა.
ამის მიუხედავად, „უილიამსის“ შეფი ადამ პარი ვენესუელელის გამართლებას ცდილობს. ისიც თვლის, რომ ალონსოზე შეტევა გამართლებული იყო. თუმცაღა, მალდონადოს თავისუფლად შეეძლო, 8 ქულით დაკმაყოფილებულიყო. შედარებისთვის, მთელი გასული სეზონის განმავლობაში, იმავე მალდონადომ და რუბენს ბარიკელომ მხოლოდ ხუთ ქულას მოუყარეს თავი. „უილიამსის“ ისტორიაში ეს ყველაზე წარუმატებელი სეზონი იყო.
„ის ალონსოს გვერდში არ ამოსდგომია, მაგრამ ის ხომ მრბოლია. როცა მის წინ მანქანაა, შეტევაზე ბევრს არ ყოყმანობს. უბრალოდ, ეს მის სისხლშია. წარმოიდგინეთ, რა ძნელია მრბოლისთვის, როცა ფინიშს ვერ აღწევს. ამიტომ, მე მას ვუთხარი - შესანიშნავი რბოლა იყო. შვიდ დღეში კიდევ ერთი ასეთი გექნება“, - ამბობს პარი.
პარი გაწბილებული დარჩა, მაგრამ მისთვის და მისი გუნდისთვის კარგის მანიშნებელია ის ფაქტი, რომ ამდენი ჩაგდებული სეზონის შემდეგ, კონსტრუქტორთა თასის ცხრაგზის მფლობელი „უილიამსი“ აღმავლობის გზას დაადგა. ახალი მანქანით კი მოწინავეთა შევიწროებაც კი შესაძლებელია.
„რაც უნდა იყოს, მელბურნში შესანიშნავი გამოსვლა გვქონდა. გუნდის კრიზისიდან გამოსაყვანად, რამდენიმე დღე დაუღალავ შრომაში გავატარეთ. ამ რბოლამ დაგვანახა, რომ პროგრესი აშკარაა. ასეთი კარგი მანქანა, გუნდში ჩემი ყოფნისას არ მახსოვს. ასე რომ, ყველაფრის მიუხედავად, კმაყოფილების საბაბი გვაქვს“, - ამბობს პარი.
სხვათა შორის, ქალაქის ტრასებზე მალდონადო ყოველთვის კონკურენტუნარიანია. მაგალითად, გასული სეზონის მონაკოს ეტაპზე, მას მე-6 ადგილის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ლუის ჰამილტონთან ავარიის გამო, ეს შანსი ვერ გამოიყენა. არადა, ეს პატარა ქალაქ-სახელმწიფოს ქუჩებში მისი პირველი გამოსვლა იყო.
No comments:
Post a Comment