Australian GP poleman Lewis Hamilton surprised by McLaren's gap to rivals
17 მარტი
ლუის ჰამილტონი აღიარებს, რომ ის არამხოლოდ იმითაა გაოცებული, რომ ავსტრალიის დიდი პრიზის პოული მოიგო, არამედ იმითაც, რომ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს დიდი სხვაობით აჯობა. ბრიტანელმა დაახლოებით 0.7 წამით აჯობა მარკ უებერს და სებასტიან ფეტელს. „მაკლარენმა“ კი კვალიფიკაცია დუბლით მოიგო - მეორე სასტარტო პოზიცია ჯენსონ ბატონმა დაიკავა.
„მეც ისეთივე გაოცებული ვარ, როგორც ყველანი. წარმოდგენა არ მქონდა, რა მოხდებოდა. ვფიქრობდი, რომ „რედ ბულს“ უკეთესი დრო ექნებოდა და „მერსედესიც“ ცოტა სწრაფი იქნებოდა. ვიცოდით, რომ ჩვენი მანქანა სწრაფი იყო, მაგრამ წარმოდგენა არ გვქონდა, რამდენად სწრაფი იქნებოდა სხვებთან შედარებით. ასე რომ, ცოტა გაკვირვებული ვარ, რომ ჩვენ დღეს ასე სწრაფები ვიყავით. თუმცა, იმან უფრო გამაოცა, რომ „რედ ბული“ ასე შორსაა ჩვენგან“, - ამბობს ჰამილტონი და დასძენს:
„ძალიან დაძაბული სესია იყო. ჩემს პირველ წრეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. მისი გავლის შემდეგ ვიცოდი, რომ კონკურენტუნარიანი ვიქნებოდი. უბრალოდ, იმის იმედი მქონდა, რომ უფრო სწრაფი ვერავინ იქნებოდა. როცა სწრაფ წრეზე ხარ და გრძნობ, რომ მიფრინავ, ყველგან საუკეთესოდ გადიხარ, თავი მეცხრე ცაზე გგონია. ეს ისაა, რისთვისაც ფორმულა 1 მიყვარს“.
მაგრამ ასეთი უპირატესობის მიუხედავად, ჰამილტონი თვლის, რომ რბოლაში დიდი მნიშვნელობა იმას ექნება, თუ ვინ რამდენად ოპტიმალურად გამოიყენებს საბურავების რესურსს: „ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს. ვნახოთ, ვინ როგორ ივლის სავსე ავზებით და სტოპებს შორის დიდი შუალედებით. იმედია, რბოლაშიც საუკეთესოთა შორის ვიქნებით. რა თქმა უნდა, საკვალიფიკაციო პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვამაყობ ჩვენი გუნდით და ჩემი შედეგით. მაგრამ მთავარი ბრძოლა წინ გვაქვს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენს პოზიციებს ბოლომდე შევინარჩუნებთ“.
No comments:
Post a Comment