Lotus wants discussion over Mercedes's DRS-activated F-duct
17 მარტი
„ლოტუსის“ შეფ ერიკ ბულიეს (ფოტოზე) სურს, რომ „მერსედესის“ უკანა ფრთის საკითხზე, გერმანულ გუნდთან და საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ტექნიკურ კომისიასთან მოლაპარაკება ავსტრალიის დიდი პრიზის რბოლამდე გამართოს და ყველა სადაო საკითხი, ყოველგვარი გართულების გარეშე გადაიჭრას. „ლოტუსის“ ამ პოზიციას „რედ ბულ რეისინგიც“ იზიარებს.
„რენოს“ ძრავებით მოასპარეზე ორივე გუნდი თვლის, რომ DRS-სთან ინტეგრირებული F-ჰაერსადინარი რეგლამენტის დარღვევაა და ისინი ამ სიახლის აკრძალვას მოითხოვენ. სხვათა შორის, ორივე გუნდმა ეს მოთხოვნა ჯერ კიდევ ავსტრალიაში ჩასვლამდე დააყენა, მაგრამ FIA-ს კომისიამ სისტემა ლეგალურად ჩათვალა. ახლა „ლოტუსს“ და „რედ ბულს“ ამ გადაწყვეტილების გაპროტესტების უფლება აქვთ და თუ ასე მოიქცევიან, ავსტრალიური რბოლის შედეგები, ამ პროტესტის განხილვამდე წინასწარი იქნება.
მაგრამ ბულიე თვლის, რომ უკეთესი იქნება, თუ პრობლემის განხილვა რბოლის სტარტამდე მოესწრება. ის FIA-სთან და „მერსედესთან“ მოლაპარაკების გამართვას ითხოვს: „კარგი იქნება, თუ ჩარლი უაიტინგთან (FIA-ს ტექნიკური დეპარტამენტის შეფი) და „მერსედესის“ წარმომადგენლებთან ერთად მივუსხდებით მაგიდას და დაგვარწმუნებენ იმაში, რომ რეგლამენტს ერთნაირად აღვიქვამთ და მისი ინტერპრეტირება არ ხდება. კარგი იქნება, თუ ამას რბოლის დაწყებამდე გავაკეთებთ“.
„ლოტუსისგან“ და „რედ ბულისგან“ განსხვავებით, „მერსედესის“ სიახლის საწინააღმდეგო არაფერი აქვს „მაკლარენის“ შეფ მარტინ უიტმარშს, ვისაც მიაჩნია, რომ უკეთესი იქნება, თუ სხვებიც ამ სისტემის კოპირებას სასწრაფოდ შეუდგებიან. „ჩვენ უკვე ვმუშაობთ მსგავსი სისტემის შექმნაზე. მასში ბევრი საინტერესო მომენტი იჩენს თავს და ვფიქრობ, დროთა განმავლობაში, მსგავს სისტემას, სხვადასხვა ინტერპრეტაციით, მალე სხვა მანქანებზეც ვიხილავთ. ეს სისტემა სრულად შეესაბამება რეგლამენტს და მისი აკრძალვის საფუძველს ვერ ვხედავ. „მერსედესში“ აღმოაჩინეს, რომ DRS-ის სისტემა, დამატებითი ჰაერსადინარის მართვის საშუალებას იძლევა. მე ამ ყველაფერს ასე ვაფასებ, მაგრამ შესაძლოა, ამ საკითხში სხვა ჩემზე უკეთაა ჩახედული“, - ამბობს „მაკლარენის“ შეფი.
No comments:
Post a Comment