Romain Grosjean hopeful Lotus form will last all season long
17 მარტი
სეზონის პირველი კვალიფიკაციის ნამდვილი სენსაცია „ლოტუსის“ რომენ გროჟანმა შემოგვთავაზა. ტესტებზე გამოჩნდა, რომ „ლოტუსი“ კარგადაა მომზადებული და რა თქმა უნდა, კარგ შედეგს ყველა კიმი რაიკონენისგან ელოდა, მაგრამ მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონმა კვალიფიკაცია პირველივე ეტაპზე დაასრულა. გროჟანმა კი, ვისთვისაც ათეულში გასვლაც წარმატებად ჩაითვლებოდა, „მაკლარენების“ გარდა ყველას აჯობა...
რა თქმა უნდა, ნარბოლევს ფრანგი მეცხრე ცაზეა. ხუმრობა ხომ არაა - ალბერტ პარკზე თავისი პირველივე გამოსვლა ასეთი ბრწყინვალე შედეგით აღნიშნა! „ავტოსპორტთან“ საუბრისას მან იმედ იგამოთქვა, რომ გუნდი სეზონის განმავლობაშიც ასეთსავე კარგ ფორმაში იქნება და ამით, ორივე პილოტს მოწინავეთა შორის ყოფნის საშუალებას მისცემს.
„გუნდში ყველანი ძალიან გახარებულები ვართ. სეზონის წინა ტესტებმა კარგად ჩაიარა და ვამაყო იმით, რომ „ლოტუსთან“ ერთად, ამ წინსვლის მონაწილე ვარ. ძალიან ცოტას სჯეროდა ჩემი წარმატების. მე კი დაბრუნებისთანავე მოწინავეთა შორის ვარ. ვიმედოვნებ, აღებულ ტემპს მთელი სეზონის განმავლობაში შევინარჩუნებთ და მის ბოლოს, ბევრი სასიამოვნო რამ გვექნება გასახსენებელი“, - ამბობს გროჟანი და დასძენს:
„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დღეს ოცნება ავისრულე. მესამე პრაქტიკაზე ტრასას ალღო ავუღე. მაგრამ არ ვიცოდი, კვალიფიკაციაში რისი იმედი შეიძლებოდა მქონოდა. რადიოთი რომ ჩემი შედეგი გავიგე, ყურებს არ დავუჯერე. მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს - კვალიფიკაციაში ქულებს არ არიგებენ. რბოლა რთული იქნება. მაგრამ უკეთესის მიღწევას ვეცდებით. დღეს დავამტკიცეთ, რომ ეს შეგვიძლია“.
No comments:
Post a Comment