Touring Superleggera Dances to the Tunes of the Alfa Romeo Disco Volante in Geneva
8 მარტი
მილანურ სადიზაინო სტუდია „კაროცერია ტურინგის“ დამაარსებელ ფელიჩე ბიანკი ანდერლონის თავის დროზე უთქვამს: „წონა მტერია, ჰაერი კი - წინააღმდეგობა“. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები ავტომობილის პარამეტრებს ეხება და ისინი ისეთივე ჭეშმარიტება იყო 1950-იან წლებში, როგორც ახლა. თავისი ლაკონური და ზუსტი ინჟინრული ფილოსოფია მან 1952 წელს, „ალფა რომეო 1900-ის“ ბაზაზე, ლეგენდარულ მოდელ „დისკო ვოლანტეში“ ჩააქსოვა.
ამ აცვტომობილის შექმნიდან 60 წლის შემდეგ კი, კომპანია „ტურინგ სუპერლეგერამ“ შეიმუშავა და ჟენევაში გამოფინა კონცეპტუალური ავტომობილი „დისკო ვოლანტე 2012“, რომელიც ძველ ავტომობილს მოგაგონებთ (ემბლემაც კი ალფა რომეოსი ამშვენებს) და მის მსგავსად, ძალიან შეზღუდული რაოდენობით დამზადდება.
ეს არის ორადგილიანი კუპე, ძრავის წინა-ცენტრალური (წინა ღერძის უკან) განლაგებით და განივი ტრანსმისიით. ახალი „მფრინავი თეფში“ (დისკო ვოლანტე სწორედ მფრინავ თეფშს ნიშნავს) ძველის შთაგონებითაა შექმნილი. მათს პროპორციებში ბევრ მსგავსებას აღმოაჩენთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ახალი აეროდინამიკურად გაცილებით გამართულია და ესთეტიურად დახვეწილი.
და, ისევე როგორც პირველი „დისკო ვოლანტე“, ახალიც „ალფა რომეოს“ სერიულ მოდელზეა ბაზირებული. ამჯერად, პროექტის ავტორებმა სუპერ ავტომობილი „8C კომპეტიციონე“ აირჩიეს. ავტომობილი ფოლადის სივრცულ ჩარჩოს ეყრდნობა, რომელზეც 4.7-ლიტრიანი V8 ძრავია დამონტაჟებული. აგრეგატის სიმძლავრე 450 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 470 ნიუტონმეტრს აღწევს. მასთან დაკავშირებული 6-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური ტრანსმისია, მბიძგველ ძალას უკანა წამყვან ბორბლებს აწვდის.
საინტერესოა ერთი ფაქტი: მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის დიზაინის შემუშავებისას, უალტრათანამედროვე კომპიუტერული ტექნიკა იყო გამოყენებული, ძარა მაინც მეტწილად ალუმინისგან დამზადდა. კარბონის კომპოზიტი კი რატომღაც, მხოლოდ ბამპერებისთვის გამოიყენეს. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ძარის დამზადებას 4000 საათი დასჭირდა. ამ ავტომობილის შეძენის მსურველს კი, მას შემდეგ, რაც პირველ შესატანს გადაიხდის, სასურველ მანქანას 8 თვის შემდეგ მიიღებს.ვიდეო
No comments:
Post a Comment