Morgan Charges to Geneva with All-Electric Plus-E Roadster
8 მარტი
ჟენევის პალექსპოს საგამოფენო კომპლექსში ქვა რომ ააგდოთ, ათიდან რვა შემთხვევაში ალბათ ელექტრომობილს დაეცემა. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობაა, თუმცა მისი არსი ის ფაქტია, რომ გამოფენაზე ძალიან ბევრი ელექტრომობილის ნახვა შეიძლება. თან ისინი არც აღარავის აკვირვებს. აბა რა იქნება, როცა ისეთი კონსერვატიული კომპანიაც კი, როგორიც „მორგანია“, მყიდველს ელექტრომობილს შესთავაზებს...
ინგლისურმა კომპანიამ თავისი პოპულარული მოდელი, ღია „აერო 8“ ელექტრომობილად გადააკეთა და მას მექანიკური კოლოფი დაუტოვა. საბოლოო პროდუქტს „პლუს-E როდსტერი“ უწოდეს. საერთოდ, 102-წლიანი კომპანია თავის ავტომობილების თითქმის ყოველთვის, ხისგან შეკრულ პლატფორმაზე აგებს ხოლმე. მაგრამ ამჯერად, ეს მიდგომა ნაწილობრივ შეიცვალა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ხისგან ელექტრომობილის შასის სუბ-სტრუქტურა შეიქმნა. დანარჩენზე კი ალუმინი გამოიყენეს.
„პლუს-E როდსტერს“ მამოძრავებელ ძალას კომპანია „ციტეკის“ წარმოების ელექტროძრავი ანიჭებს, რომლის სიმძლავრეც 94 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 300 ნიუტონმეტრს აღწევს. „მორგანის“ ელექტრომობილის თავისებურება ისაა, რომ ის ჩვეულებრივ გადაცემათა კოლოფთან (ხუთსაფეხურიანთან) არის დაკავშირებული, რომელიც ამძრავი ძალით უკანა ბორბლებს ამარაგებს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - ელექტროძრავი მანქანის შუა ნაწილში, ზუსტად იქაა მოთავსებული, სადაც ჩვეულებრივ ავტომობილებზე, სატრანსმისიო გვირაბია ხოლმე.
მრავალსაფეხურიანი ტრანსმისიის გამოყენებას, „ციტეკის“ ნილ ჰესლინგტონი ასე განმარტავს: „ასეთი ტრანსმისიით, ძრავის ენერგიას უფრო ეფექტურად ვიყენებთ. განსაკუთრებით ეს მაღალ სიჩქარეზეა საგრძნობი. ამასთან, ჩვეულებრივი ტრანსმისიის დახმარებით, ელექტრომობილი უფრო მკვეთრად აჩქარებასაც ახერხებს“.
„მორგანის“ და „ციტეკის“ პარტნიორობა ორი კონცეპტუალური მოდელის აგებას ითვალისწინებს. ერთია „პლუს-E როდსტერი“, რომელიც ლითიუმ-იონის ელემენტების ბლოკითაა აღჭურვილი და ეს მხოლოდ საჩვენებელ ვერსიად დარჩება. მეორე კი უფრო ახლოს უნდა იყოს სერიულ ვერსიასთან. სავარაუდოდ, მასზე სეკვენტალურ ტრანსმისიას და ალტერნატიული ტიპის ელემენტებს გამოიყენებენ.
No comments:
Post a Comment