Kimi Raikkonen 'fully prepared' for return, says Lotus boss Eric Boullier
9 მარტი
კიმი რაიკონენი მზადაა იმისათვის, რომ კვლავ აღაფრთოვანოს თავისი ქომაგი. მის და მისი გუნდის გამოსვლებზე უარყოფითად ვერ იმოქმედებს ის ფაქტი, რომ წინასასეზონო ტესტების დროს, მანქანის კონსტრუქციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რამდენიმე დღე გაუცდა.
ასე ფიქრობს „ლოტუსის“ გუნდის შეფი ერიკ ბულიე, ვინც დარწმუნებულია, რომ ტესტების დროს, რაიკონენმა სრულფასოვნად მომზადება შეძლო და ისევ იმ პილოტად ჩამოყალიბდა, როგორიც რალიში გადასვლამდე იყო.
„ვფიქრობ, მან ყველას დაანახა, რისი უნარი აქვს. რა თქმა უნდა, ის ოთხი დაკარგული დღე ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენთვის, მაგრამ კიმიმ და რომენ გროჟანმა ეს დანაკარგი, მომდევნო სესიაზე, უფრო მეტი კილომეტრის გავლის ხარჯზე აანაზღაურეს. შემიძლია ვთქვა, რომ სატესტო პროგრამა მაქსიმალურად კარგად გამოვიყენეთ“, - ამბობს ბულიე.
უნდა ითქვას, რომ ფორმულა ერთში დაბრუნებამდე, რაიკონენი გააფრთხილეს, რომ ყველაზე ძნელი შესაგუებელი, „პირელის“ საბურავები“ იქნებოდა. მაგრამ ტესტების დასრულების შემდეგ, ბულიე გვარწმუნებს, რომ ეს პრობლემა აღარ არსებობს: „როგორც ყოველთვის, კიმი შეუდარებელია. რომენს კი ცოტა მეტი გამოცდილება სჭირდება. თუმცა, ხერესიდან მოყოლებული, ის კარგად შეეგუა საბურავებს და ვფიქრობ, სეზონის განმავლობაში, მისი სახიტაც ძალიან ძლიერ მრბოლს ვიხილავთ“.
ბულიეს მოსაზრებებს ეთანხმება „ლოტუსის“ მფლობელი ჟერარ ლოპესი, ვინც „გაძეტა დელო სპორტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ რაიკონენისგან კარგ სეზონს ელის: „კიმი ძალიან სწრაფი მრბოლია, რომელიც გუნდს კარგად შეეწყო. ჩემთვის ნათქვამი აქვს, რომ გუნდს თავის ოჯახად აღიქვამს. ვნახოთ, რას იზამს რბოლებისას. თუმცა მასში სრულად დარწმუნებული ვარ და არ ვნანობ, რომ მასთან ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ“.
ლოპესი დასძენს, რომ გუნდს ყველანაირი რესურსი აქვს იმისათვის, რომ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს: „ჩვენ გვყავს 540 თანამშრომელი, გვაქვს აეროდინამიკური მილი, კომპიუტერული სიმულატორი. დღემდე ორი რამ გვაკლდა და ახლა ისინიც სახეზეა - კონკურენტუნარიანი მანქანა და კარგი მრბოლები. რაიკონენი და გროჟანი ძალიან ძლიერები არიან. ჩვენი მიზანი კი ისაა, რომ უახლოეს სამ სეზონში, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩავებათ“.
No comments:
Post a Comment