Bertone's Geneva Show Nuccio Concept is a Wedge Shaped Ode to the 70s
9 მარტი
1997 წლის ჟენევის მოტორ შოუს წინ, ლილი ბერტონემ თავის მეუღლე ნუჩო ბერტონეს („ბერტონეს“ დამაარსებელ ჯოვანი ბერტონეს შვილი, რომელმაც თავის კომპანიას სახელი გაუთქვა) პირობა მისცა, რომ მათი კომპანია ყოველთვის მისი გვარის მატარებელი იქნებოდა. ეს პირობა მაშინ კრიზისის გამო, უადგილო არ ყოფილა. და აი, „ბერტონე“ 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით კი, ჟენევაში კონცეპტუალური „ბერტონე ნუჩო“ წარადგინა.
ავტომობილი „ბერტონეს“ მთავარ დიზაინერ მაიკ რობინსონის მიერაა შემუშავებული. ის ლეგენდარული კონცეპტუალური „სტრატოს HF ზეროს“ შთაგონებითაა შექმნილი, ავტომობილის, რომელმაც ატელიეს 70-იან წლებში განსაკუთრებული ავტორიტეტი მოაპოვებინა. თავად ატელიეს განმარტებაში კი ნათქვამია, რომ კონცეპტუალური “ნუჩო“, ერთდროულად რამდენიმე ძველი კონცეპციის - „ალფა რომეო კარაბოს“ (1968 წლის მოდელი), უკვე ნახსენები „ლანჩა სტრატოს ზეროს“ და „ლამბორგინი კოუნტაჩის“ (1971 წლის მოდელი) თანამედროვე ინტერპრეტაციაა.
ავტომობილის გაბარიტებია: 4800 მილიმეტრი, სიგანე 1950 მილიმეტრი, სიმაღლე 1220 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა 2600 მილიმეტრი. 4.3-ლიტრიანი V8 ძრავი (სიმძლავრე 480 ცხენის ძალა) ბაზაშია მოთავსებული. რაც მთავარია, ავტომობილი სრულიად მოქმედია.
თავისი პროპორციებით, ორადგილიანი „ნუჩო“ მართლა ლეგენდარული ავტომობილების დროს გაგახსენებთ. განსაკუთრებით თვალში საცემია ძალიან წინ წაწეული კაბინა. სახურავს რთული ფორმები გამოარჩევს და ის ფორთოხლისფრადაა შეღებილი. იგივე ფერი დომინირებს ინტერიერშიც. ავტომობილს ქვედა ნაწილში, მთელს პერიმეტრზე აქვს უცნაური აგებულების და გაურკვეველი დანიშნულების სტრუქტურა, რომელმაც შესაძლოა, ობობას ქსელი გაგახსენოთ.
სალონში, სავარძლების უკან, დაახლოებით იმ ადგილას, სადაც უკანა საქარე შუშა უნდა ყოფილიყო, 26-დუიმიანი მონიტორი მდებარეობს, რომელზეც ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული, ავტომობილის უკან არსებული გარემოს გამოსახულება ჩნდება. რამდენადაც კონცეპტუალურ ავტომობილს უკანა საქარე შუშა არ აქვს, რადგან მის ადგილზე ძრავის კაპოტია, მის მოვალეობას სწორედ ეს მონიტორი შეასრულებს.
ვიდეო
No comments:
Post a Comment