Monday, April 30, 2012

დიდი რბოლები რუსთავს უბრუნდება


30 აპრილი
ყველა ერთად
29 აპრილს რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკი ოფიციალურად გაიხსნა. ამით დაიწყო ამ ავტოდრომის ახალი ისტორია, რომელიც ავტოსპორტის მოყვარულთ, ბევრ სიამოვნებას ჰპირდება და იმედია, მალე აქ ის ავტომრბოლები ჩამოყალიბდებიან, რომლებიც ყველა ჩვენგანს სიამაყის საფუძველს მისცემენ.


წამები სტარტამდე
29 აპრილს რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკი ოფიციალურად გაიხსნა. ამით დაიწყო ამ ავტოდრომის ახალი ისტორია, რომელიც ავტოსპორტის მოყვარულთ, ბევრ სიამოვნებას ჰპირდება და იმედია, მალე აქ ის ავტომრბოლები ჩამოყალიბდებიან, რომლებიც ყველა ჩვენგანს სიამაყის საფუძველს მისცემენ.
მართალია, ბოლო წლებში ჩვენში ავტოსპორტი არსებობდა, ბევრი ახალი სახელიც გამოჩნდა, რამდენიმე იმედისმომცემმა მრბოლმაც კარტინგის ასაკი ჩაამთავრა და ახლა დიდ ავტოსპორტში პირველ ნაბიჯებს დგამს. მაგრამ მათს განვითარებას და უფრო მაღალ დონეზე ასვლას, ორი მთავარი ინგრედიენტი აკლდა - ავტოდრომი, სადაც რბოლების უსაფრთხოდ (როგორც პილოტებისთვის, ასევე მაყურებლისთვის) და მაღალ დონეზე ჩატარებაა შესაძლებელი და გუნდები სოლიდური და რაც მთავარია, ფინანსურად ძლიერი მხარდამჭერებით.
ბეჟიტაშვილი (10) ლიდერობს
და მას დავით კაკაბაძე (93) უტევს
 და აი, ეს ორი ინგრედიენტიც გვაქვს! ერთია რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკი, რომლის გახსნასაც კვირას საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაესწრო (და სარბოლი ავტომობილის - ფორმულა 3-ის ბოლიდის მართვით თავადაც მიიღო ადრენალინის დოზა) და მეორე - გუნდები, რომელთა წყალობითაც, პილოტებს რბოლებისთვის ნორმალურ პირობებში მომზადების საშუალება აქვთ. და ორივე ფაქტორის არსებობა ბატონ შოთა აფხაზავას და მისი გუნდის დამსახურებაა:

აფხაზავას (ლურჯი მანქანით)
და შაიტარის ბრძოლა
აფხაზავას (ლურჯი მანქანით)
და შაიტარის ბრძოლა
ჯერ ერთი, სწორედ მან ააშენა ავტოდრომი იმ ადგილზე, სადაც ძველი ავტოდრომის „ძვლებიღა“ (ყოფილი დოსააფ-ის გაპარტახებული კომპლექსი, თავისი აღარარსებული ტრიბუნით და ბოქსებით, ბალახმოდებული გზის საფარით, არანაირი ინფრასტრუქტურით) იყო შემორჩენილი. მეორეც, სწორედ აფხაზავამ და მისმა გუნდმა შეძლეს ქართული ავტოსპორტით რამდენიმე ძლიერი ორგანიზაციის (და კომპანიის) დაინტერესება. ამის შედეგი ისაა, რომ წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის რბოლებში მონაწილეობა „გალფის“, „ლიბერტი ბანკისა“ და „VTB ბანკის“, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდებმა მიიღეს. მალე კი მათ ალბათ კიდევ რამდენიმე ახალი გუნდი შეუერთდება.
გვასალიას ლომაძე (მარცხნივ)
და კვინიკაძე უტევენ
ბატონ შოთას დამსახურებაა ის ფაქტიც, რომ ახალი ავტოდრომის გახსნასა და პირველ რბოლებში მონაწილეობა რუსმა მრბოლებმაც მიიღეს - კლას ლეჯენდსში მათი ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპი სწორედ რუსთავში ჩატარდა. და სამომავლოდ, რუსთავის ავტოდრომზე მეზობელი სხვა ქვეყნების მრბოლებიც გამოჩნდებიან. სეზონის ბოლოს კი აქვე საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება, რომელში მონაწილეობასაც ფინელი, ესპანელი და სხვა ქვეყნების მრბოლებიც მიიღებენ.
ბეჟაშვილი ლიდერობს
რა თქმა უნდა, პირველ შეჯიბრს პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია, თუმცა ეს არცაა გასაკვირი. ორგანიზატორებს ამ საქმეში გამოცდილი კადრები არ ჰყოფნით. რუსები ამ მხრივაც დაგვეხმარნენ - რბოლის კომისრად ადამიანი-ავტოსპორტი, ალექსანდრ პოტეხინი (მოსკოვის ავტოსაგზაო ინსტიტუტის პროფესორი, წარსულში თავადაც ავტომრბოლი, საბჭოეთის არაერთგზის ჩემპიონი ფორმულა ვოსტოკში, ფორმულა ერთის ტელერეპორტაჟების ყოფილი წამყვანი) მოიწვიეს. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. თუმცა მთავარია, რომ რბოლის და საქართველოს ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ეს კარგად იციან და ამ პრობლემის დროთა განმავლობაში მოგვარებასაც გვპირდებიან.
ადეიშვილი სტარტიდანვე
დაწინაურდა
ახლა კი რბოლების შესახებ: წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატი სამ კლასში ჩატარდება. ესენია: ლეჯენდსი, ტურინგი და ფორმულა ალფა. მათგან ორი - ლეჯენდსი და ფორმულა ალფა მონოკლასებია, ტურინგი კი GT-თავისუფალი და 1500 ქვეკლასებად იყოფა, რომლებსაც საერთო სტარტი ეძლევა.
ვიქტორ შაიტარი
ყველაზე მეტი - 21 მანქანა ლეჯენდსის რბოლების სტარტზე დგებოდა და ამდენად, სანახაობრივი თვალსაზრისითაც, ეს ყველაზე საინტერესო რბოლები იყო. ინტერესს ის ფაქტორიც ზრდიდა, რომ ამ კლასში ხშირად კონტაქტური ბრძოლებია, რაც მაყურებელს განსაკუთრებით იზიდავს. სწორედ ასეთი ბრძოლის შედეგი იყო ის, რომ „მია ფორსის“ დათა ქაჯაიას შაბათის პირველი მოკლე ჰიტ-რბოლის პირველივე მოსახვევში სერიოზული ინციდენტი შეემთხვა. მოსახვევში შესვლისას, ერთ-ერთ მეტოქეს შეეჯახა, რამაც მისი მანქანა ამოაყირავა. საბედნიეროდ, მრბოლი ტრავმას გადაურჩა, მისმა გუნდმა კი მეორე დღისთვის მანქანის მომზადება მოასწრო.
ლეჯენდსის მეორე
რბოლის სტარტამდე
ლეჯენდსის მთავარ, რბოლა 2-ში, გამარჯვებისთვის რუსმა ვიქტორ შაიტარმა და შოთა აფხაზავამ იბრძოლეს. სტარტიდან ფინიშამდე, წინ ხან ერთი გადიოდა, ხან - მეორე. საბოლოოდ კი აფხაზავამ შეძლო დაწინაურება და ფინიშის ხაზიც პირველმა მან გადაკვეთა. მესამე ადგილი კი ქაჯაიამ დაიკავა.

მილოცვა პრეზიდენტისგან
არანაკლებ საინტერესო გამოდგა რბოლა 1, რომელიც შაბათს ჩატარდა. ის შაიტარმა მოიგო, მეორეზე კი გიორგი ბეჟიტაშვილი გავიდა, რომელმაც იმის გამო, რომ ჰიტ-რბოლაში მონაწილეობა ვერ მიიღო, სტარტი ბოლო ადგილიდან აიღო. კარგა ხანს მან დმიტრი დობროვოლსკის სდია და ზედ ფინიშის წინ, ბოლო მოსახვევში გაასწრო, რითაც მაყურებელი ძალიან გაახარა.
სააკაშვილმა საპატიო
წრე(ები) შეასრულა
ტურინგში კი ორივე რბოლა ლევან კვინიკაძის გამარჯვებით დასრულდა. ორივე რბოლაში, მას თავიდან მდევრის როლში ყოფნა უწევდა, თუმცა საბოლოოდ, სტარტს ორივეჯერ პირველმა უწია. უავარიოდ არც ტურინგის რბოლები ჩატარებულა. რბოლა 1-ის მიწურულს, პირველ მოსახვევში, ერთმანეთს ზურაბ ბეჟაშვილი და მერი გვასალია შეეჯახნენ. ბეჟაშვილი კვინიკაძესთან იბრძოდა, როცა ორივე გვასალიას წრეზე დაეწია. ლიდერის გასწრების მცდლობას კი აუტსაიდერთან შეჯახება მოჰყვა. საბედნიეროდ, ინციდენტმა ამჯერადაც ტრავმების გარეშე ჩაიარა, თუმცა ორივეს მანქანა სერიოზულად დაუზიანდა. და მაინც, კვირას ორივე რბოლებისთვის ისევ მზად იყო.
ტურინგის კვარცხლბეკი (მარცხნიდან):
ვადაკარია, კვინიკაძე, ბეჟაშვილი
დაბოლოს, ფორმულა ალფა: აქ სტარტზე ყველაზე ცოტა - 7 ავტომობილი დადგა, რომელთაგან ერთი ვიქტორ შაიტარი იყო, დანარჩენები კი ქართველები: გამოცდილი დავით რამიშვილი და მევლუდ მელაძე, ასევე ახალგაზრდები: ნიკა ადეიშვილი, ირაკლი ჩხეიძე, ლაშა ნადირაშვილი და ნიკა სურგულაძე არიან. სურგულაძე ბოლოსთვის სპეციალურად შემოვიტოვე - ის ქართველია, ოღონდ სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობს. და მრბოლადაც იქ ჩამოყალიბდა. ოღონდ, კარტინგში. ახლა კი ფორმულას ჯერი დაუდგა.
ფორმულას კვარცხლბეკი (მარცხნიდან):
ადეიშვილი, შაიტარი და სურგულაძე
დღემდე იმავე გზით მოვიდა ნიკა ადეიშვილიც, რომელმაც რბოლა შესანიშნავად დაიწყო და დისტანციის ნახევარი ლიდერის როლში გაატარა, მაგრამ შემდეგ მისი ტემპი დაეცა (საბურავები მაღალი წნევით ჰქონდა დაბერილი), რითაც შაიტარს დაწინაურების საშუალება მიეცა. საბოლოოდ, ადეიშვილი მესამე ადგილს დასჯერდა, შაიტარმა მოიგო, მეორე ადგილზე კი სურგულაძე გავიდა.
ლეჯენდსის კვარცხლბეკი (მარცხნიდან):
ქაჯაია, სააკაშვილი, აფხაზავა და შაიტარი
აღსანიშნავია, რომ ამ რბოლაში გამოსვლას აპირებდა საუკეთესო რუსი მრბოლი (ბევრი სპეციალისტი მას ფ1-ის პილოტ ვიტალი პეტროვზე მეტად აფასებს) მიხაილ ალიოშინი, რომელიც კარიერის დასაწყისში, სწორედ აფხაზავას გუნდის წევრი იყო და თბილისშიც აფხაზავამ მოიწვია. ალიოშინი ჩამოვიდა და ფ3-ის ბოლიდით, რომლითაც მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა ინავარდა, შაბათს რუსთავის ტრეკს რამდენჯერმე შემოუარა (საუკეთესო დრო 1 წუთი  წუთი და 34.781 წამი - შედარებისთვის, შაიტარის საუკეთესო დრო სუპერ პოულის რბოლაში 1 წუთი და 44.169 წამი იყო). მაგრამ რბოლაზე ვერ დარჩა, რადგან სპონსორებთან არსებული კონტრაქტი, კვირას ბუდაპეშტში ყოფნას ავალდებულებდა.
ლეჯენდსში ერთა თასის გამარჯვებული,
საქართველოს გუნდი (მარცხნიდან):
გოგა არჯევანიძე, აფხაზავა, "მია ფორსის"
უფროსი მამუკა ჟორჟოლაძე და ქაჯაია
დაბოლოს, შეგახსენებთ წრიულ რბოლებში საქართველოს 2012 წლის ჩემპიონატის კალენდარს
28-29 აპრილი – 1 ეტაპი, რუსთავი
26-27 მაისი - 2 ეტაპი, რუსთავი
16-17 ივნისი – 3 ეტაპი, რუსთავი
14-15 ივლისი – 4 ეტაპი, რუსთავი
18-19 აგვისტო - 5 ეტაპი, ბათუმი
22-23 სექტემბერი – 6 ეტაპი, რუსთავი
13-14 ოქტომბერი – 7 ეტაპი, რუსთავი
3-4 ნოემბერი – Rustavi International Challenge 2012

შედეგებს დავამატებ, როცა მოვიპოვებ...

No comments:

Post a Comment