Barrichello not ruling out Ferrari return
9 აპრილი
მართალია, რუბენს ბარიკელო თავის თანამემამულე ფელიპე მასას ამხნევებს და ირწმუნება, რომ მას დროებითი ჩავარდნა აქვს, მაგრამ იმავდროულად, არც „ფერარიში“ თავის დაბრუნებას გამორიცხავს. ფორმულა ერთში გატარებული 19 სეზონის შემდეგ, 39 წლის ბარიკელო იძულებული გახდა, ოკეანის გაღმა, ინდიქარ-ში გადაბარგებულიყო, რადგან „უილიამსმა“ კარისკენ მიუთითა.
ახლახანს, ბრაზილიურ სპორტულ ტელეარხთან საუბრისას, რუბინიუმ ფ1-ში თავისი დაბრუნება არ გამორიცხა. მას „ფერარიში“ ექვსი სეზონი აქვს გატარებული და იტალიური საჯინიბო 2005 წელს დატოვა. მას შემდეგ, მას ამ გუნდისკენ გახედვაც აღარ უნდოდა, რადგან იქ მუდმივად მეორე პილოტის როლის შესრულება და მიხაელ შუმახერის საჩემპიონო კამპანიის მხარდაჭერა უწევდა.
მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვლება, თუ „სკუდერიაში“ ჩათვლიან, რომ მასას დატოვება აღარ ღირს და ის დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს. შემცვლელთა შორის კი ახლახანს, იტალიურ პრესაში, სწორედ ბარიკელო მოიხსენიეს. თან, ჩატარებულმა გამოკითხვამ, ის საუკეთესო კანდიდატად მოიხსენია.
„დრეს რომ მათ (ფერარიდან) დამირეკონ და მათი მანქანით რბოლებში მონაწილეობა შემომთავაზონ, აუცილებლად დავთანხმდები. ეს საუკეთესო გუნდია მათ შორის, რომლებში ყოფნამაც მომიწია. საუკეთესო კრეატიულობის, ტექნიკური მხარდაჭერის მხრივ. თუმცა, იქ არასასიამოვნო ეპიზოდებიც მქონდა“, - ამბობს ბარიკელო და დასძენს: „შეუძლებელი არაფერია. არ ვამბობ, რომ ასე მოხდება, მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყო“.
ბარიკელო იმასაც აღიარებს, რომ მისი დაბრუნება ძალიან უნდა ფ1-ის პრომოუტერ ბერნი ეკლსტოუნს: „მან მკითხა, მართლა ვაპირებდი თუ არა ინდიქარ-ში გადასვლას. მე კი ვუპასუხე, ვაპირებ, რადგან ფ1-ში ადგილი არ მომიძებნე-მეთქი. ის დამპირდა, რომ მოიფიქრებდა, რისი გაკეთება შეეძლო. მოკლედ, გამორიცხული არაფერია, მე კი ნებისმიერი შეთავაზებისთვის მზად უნდა ვიყო“.
No comments:
Post a Comment