Perez eyes move to 'big team' in two years
2 აპრილი
სერხიო პერესი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ასი პროცენტით „ზაუბერისადმი“ ერთგულია, თუმცა არც იმას მალავს, რომ ორ წელიწადში დიდ გუნდში გადასვლა აქვს გადაწყვეტილი. ახლახანს პერესმა მალაიზიის დიდ პრიზზე შესანიშნავი გამოსვლით გაგვაოცა, რის შემდეგაც გამოითქვა ვარაუდი, რომ მალე მას „ფერარიში“, ფელიპე მასას ადგილზე ვიხილავთ.
ამ ვარაუდს ის ფაქტი აძლიერებს, რომ მექსიკელი მრბოლი იტალიური კომპანიის მიერ ორგანიზებულ, ახალგაზრდა მრბოლთა აკადემიაშია გაწაფული. ფორმულა ერთის ყოფილი პილოტი, ამჟამად კი კომენტატორი მარტინ ბრანდლი დარწმუნებულია, რომ მომავალ სეზონში, მასა „ფერარიში“ აღარ იქნება. თავად პერესის თქმით კი, მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა.
„ეს მხოლოდ უსაფუძვლო ჭორებია. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ „ზაუბერისადმი“ ასი პროცენტით ერთგული ვარ. და ალბათ, იგივე დამოკიდებულებაა „ფერარისა“ და მასას შორის. ახლა ჩვენი მიზანი მხოლოდ ისაა, რომ დაუვიწყარი სეზონი ჩავატაროთ“, - ამბობს პერესი, თუმცა არ მალავს, რომ ორ წელიწადში დიდ გუნდში გადასვლას იმედოვნებს.
„ზაუბერს“ ბევრი აკრიტიკებს იმის გამო, რომ რბოლის მიწურულს, როდესაც ლიდერ ფერნანდო ალონსოს დაეწია, პერესმა ბოქსებიდან მიიღო მითითება, რომ ალონსოსთან პაექრობისას სიფრთხილე გამოეჩინა. მექსიკელს ესმის, რომ ეს ზედმეტი სიფრთხილე იყო, თუმცა იმაშიც დარწმუნებულია, რომ მისი გუნდისთვის მეორე ადგილი უკვე დიდი მიღწევა იყო. მითუმეტეს, „რბოლა რთულ პირობებში მიმდინარეობდა, რის გამოც, შეცდომის დაშვების და ყველაფრის დაკარგვის შანსიც დიდი იყო“.
No comments:
Post a Comment