Monday, April 2, 2012

ჰირვონენს გამარჯვება ჩამოართვეს

Mikko Hirvonen excluded from Rally of Portugal victory

2 აპრილი
ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის გამო, პორტუგალიის რალის გამარჯვებული, ფინელი მიკო ჰირვონენი რბოლიდან მოიხსნა და შესაბამისად, მისი შედეგებიც გაუქმდა. აქედან გამომდინარე, გამარჯვებულად მეორე ადგილზე გასული ნორვეგიელი მადს ოსტბერგი (ფოტოზე) გამოცხადდა. მეორე ადგილი რუს ევგენი ნოვიკოვს ერგო, მესამეზე კი ნორვეგიელი პეტერ სოლბერგი გავიდა.
რბოლის შემდგომ ჩატარებულმა ტექნიკურმა შემოწმებამ გამოავლინა, რომ ჰირვონენის „სიტროენის“ რამდენიმე ელემენტი არ აკმაყოფილებს ტექნიკურ რეგლამენტს. პირველ რიგში, მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა მანქანის გადაბმის ქურო. ასევე აღმოჩნდა, რომ რეგლამენტთან შეუსაბამოა ძრავის ტურბოკომპრესორი. ორივე მიზეზი საკმარისია იმისათვის, რომ ეკიპაჟი მოიხსნას ასპარეზობიდა. თუმცა, ოფიციალურად დისკვალიფიკაციის მიზეზად გადაბმის ქურო გამოცხადდა.
ოსტბერგი ასპარეზობისას
აღსანიშნავია, რომ ტურბინის გამოკვლევა ჯერაც არ დასრულებულა და არაა გამორიცხული, რომ მის გამო, „სიტროენს“ და მის ეკიპაჟებს სერიოზული უსიამოვნებები შეხვდეთ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ფრანგული კომპანიის გუნდი იგივე კონსტრუქციის ტურბინებს წინა სამ ეტაპზეც იყენებდა. ამ შემთხვევაში, საფრთხის წინაშეა ჩემპიონატის ლიდერის, მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონ სებასტიან ლოების მოწინავე პოზიცია. სრულიად შესაძლებელია, რომ „სიტროენის“ პირველი სამი ეტაპის შედეგები მთლიანად გაუქმდეს.
ჯერჯერობით კი, იმის გათვალისწინებით, რომ ჰირვონენს პორტუგალიაში გამარჯვება ჩამოერთვა, პილოტთა კლასიფიკაციაში ლიდერობა ისევ ლოებს დაუბრუნდა.

No comments:

Post a Comment