Button received Ferrari 'offer' last year
2 აპრილი
ბრაზილიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, შარშან, სანამ „მაკლარენთან“ კონტრაქტს გააგრძელებდა, ჯენსონ ბატონს თავისთან „ფერარი“ ეპატიჟებოდა. ახალი ამბების ბრაზილიური სააგენტო „აგენსია ეშტადუ“ გვამცნობს, რომ ბრიტანელ მრბოლსა და „ფერარის“ შორის მოლაპარაკება ოქტომბრამდე გრძელდებოდა, თუმცა შემდეგ ბატონმა „მაკლარენში“ დარჩენა ამჯობინა და ბრიტანულ გუნდთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ბრაზილიური სააგენტოს ინფორმაციით, „ფერარის“ სურდა, რომ ბატონი ბრაზილიელი ფელიპე მასას ნაცვლად მიეწვია. ბოლო ორი სეზონია, მასა „სკუდერიას“ იმედებს ვერ ამართლებს და ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ მალე მის ადგილს სხვა დაიკავებს. მალაიზიის დიდი პრიზის შემდეგ, მის შემცვლელად უკვე „ზაუბერის“ მექსიკელ სერხიო პერესს ასახელებენ.
აღნიშნული ინფორმაციის კომენტირებისას, ბატონი ამბობს: „ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ჩემს გარჯას ასე აფასებენ. მე ყოველთვის მაინტერესებს, რას მთავაზობენ სხვა გუნდები“. ცნბისათვის, ბატონს არაერთხელ უთქვამს, რომ თავისი კარიერის „მაკლარენში“ დასრულება სურს.
სხვათა შორის, მალაიზიამდე ერთი კვირით ადრე, „დეილი მეილთან“ საუბრისას, ბატონმა „ფერარის“ ესპანელ მრბოლზე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფერნანდო ალონსოზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „ფორმულა ერთში ლუის ჰამილტონი რომ არ ყოფილიყო, ვისურვებდი, რომ ფერნანდოს თანაგუნდელი ვყოფილიყავი. არის ის ყველაზე სწრაფი ჩვენს სპორტში? ალბათ არა, მაგრამ ისიც ალბათ იგივეს გეტყოდათ. სამაგიეროდ, ის ძალიან ჭკვიანია. ჩვენს შორის ერთ-ერთი მსგავსება ისაა, რომ სხვისი მხარდაჭერა გვჭირდება იმისათვის, რომ რამეს მივაღწიოთ. რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვიმუშავებდი მასთან ერთად და ვიქნებოდი მისი მეტოქე. ვფიქრობ, ისიც ასე გეტყოდათ“.
No comments:
Post a Comment