Nico Rosberg warns Mercedes has major tyre problems in Bahrain despite topping practice
20 აპრილი
მიუხედავად იმისა, რომ ორი თავისუფალი პრაქტიკის ჯამში, ნიკო როსბერგმა საუკეთესო დრო დააფიქსირა, ის მაინც უკმაყოფილოა საბურავების მუშაობით და ამბობს, რომ რბოლისას რეზინი გადახურებისკენ მიდრეკილებას ავლენს და რომ ამ სეზონში ასეთ ძლიერ ამ პრობლემას თავი ჯერ არ უჩენია.
პირველ ორ ეტაპზე - ავსტრალიასა და მალაიზიაში, „მერსედესის“ მანქანები რეზინს ინტენსიურად ცვეთდნენ, რის გამოც, გერმანული გუნდი ჩრდილში იყო მოქცეული. მაგრამ ჩინეთში ყველაფერი უცებ შეიცვალა და როსბერგმა თავისი 111-ე რბოლა, კარიერაში პირველი გამარჯვებით დააგვირგვინა. და აი, ბაჰრეინში პრობლემა დაბრუნდა და როგორც ნიკო ამბობს, ის უფრო მკვეთრად გამოვლენილია, ვიდრე ადრე. ის ამბობს, რომ საუკეთესო დროს მხოლოდ დაცარიელებულ ავზს უნდა უმადლოდეს და არა რეალურ კონკურენტუნარიანობას.
„საერთო ჯამში, კარგი დღე იყო. როცა მცირე საწვავი მისხია, მანქანა ყოველთვის სწრაფია. თუმცა, ეს ადრეც ვიცოდით. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ უმძიმეს პირობებში მოგვიწევს რბოლა. სიცხე საბურავების გადახურებას და სწრაფ დეგრადაციას უწყობს ხელს. მოკლედ, ყველაფერი კარგად უნდა გავაანალიზოთ. რა თქმა უნდა, ამჟამად გაცილებით უკეთესად ვართ მომზადებული, ვიდრე სეზონის დაწყებამდე, მაგრამ ბაჰრეინის ტრასაზე რეალურ სურათს კვალიფიკაციაზე მივიღებთ. ფაქტია, რომ მანქანის რეგულირებებში რაღაც ცვლილებებია შესატანი“, - ამბობს როსბერგი.
საბურავების საკითხს წინა პლანზე აყენებს მიხაელ შუმახერიც, თუმცა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ პრობლემა მეტნაკლებად მოგვარდება: „აქ საბურავების მთავარი საკითხია. ისინი შეიძლება ძალიან სწრაფად გაცვითო, თუმცა ეს პრობლემა მეტნაკლებად ყველასთვის ერთნაირად დგას. ვფიქრობ, მანქანის შესაფერისად მომართვით, ამ პრობლემას მოვაგვარებთ. მთავარია ზუსტად განვსაზღვროთ, რბოლაში რეზინის რამდენი კომპლექტი დაგვჭირდება“.
No comments:
Post a Comment