Audi to Build New Factory in Mexico, will Manufacture an SUV from 2016
18 აპრილი
„აუდის“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, გერმანული კომპანია თავის პირველ ჩრდილოამერიკულ ქარხანას მექსიკაში ააშენებს. გერმანულ კომპანიას მექსიკაში ჯერ საჭირო ადგილი არ შეურჩევია, თუმცა შერჩევის პროცესი წლის ბოლომდე დასრულდბა. ამასთან, ახალი ქარხანა 2016 წელს ამუშავდება და ის პირველად უგზოობის ავტომობილს გამოუშვებს, ოღონდ რომელს, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა. სავარაუდოდ, პირველი მექსიკური „აუდი“ ქროსოვერი Q5 იქნება.
„მექსიკა ავტომწარმოებელ ქვეყნად ჩამოყალიბდა და ის ჩვენი კომპანიის საწარმოო ოპერაციებისთვის შესანიშნავი ეკონომიკური ბაზა შეიძლება გახდეს. კარგმა ინფრასტრუქტურამ, ფასების კონკურენტულმა სტრუქტურებმა და ძალიან მიმზიდველმა თავისუფალი ვაჭრობის პირობებმა, დიდი როლი ითამაშა ჩვენს მიერ ამ ქვეყნის შერჩევაში. ამ სვლით, ჩვენ მსოფლიოს ბაზარზე პოზიციებს გავიმყარებთ და ამით ჩვენი გერმანული ოპერაციებიც მოგებული დარჩება“, - ამბობს „აუდის“ მთავარი აღმასრულებელი რუპერტ შტადლერი.გერმანული კომპანიის განცხადებით, ახალ ქარხანას დიდი მნიშვნელობა ენიჭება „აუდის“ გეგმების შესრულებაში, რომელიც 2020 წლამდე წლიური გაყიდვების
2 მილიონამდე გაზრდას ითვალისწინებს. აქედან 200 000 ავტომობილი აშშ-ის ბაზარმა უნდა აითვისოს, სადაც შარშან 117 000 „აუდი“ გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ „ფოლკსვაგენის“ ჯგუფს, რომელშიც „აუდიც“ შედის, აშშ-ში ერთადერთი ქარხანა (ჩატანუგა, შტატი ტენესი) აქვს და ისიც შარშან ამოქმედდა. ცნობისათვის, „ბეემვეს“ ამერიკული ქარხანა შტატ სამხრეთ კაროლინაში მუშაობს, „მერსედესისა“ კი - შტატ ალაბამაში. ორივე იქ ქროსოვერებს და უგზოობის ავტომობილებს აწარმოებს.
სხვათა შორის, მექსიკაში ქარხნის აშენებას მხარს შტადლერი უჭერდა, თუმცა დირექტორთა საბჭოში, მას მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა. მათი არგუმენტი ისაა, რომ წარწერა „მეიდ ინ იუესეი“, იქ წარმოებულ ავტომობილებს სამარკეტინგო უპირატესობებს მიანიჭებდა. ამასთან, მაკომპლექტებლების მიმწოდებელთა უმეტესობაც აშშ-შია განლაგებული, რაც ლოჯისტიკური მოსაზრებებით აქვს მნიშვნელობა. სამაგიეროდ, აშშ-დან ევროპაში ავტომობილების შეტანისას, მათს ფასს 10-პროცენტიანი გადასახადი ემატება, რაც უდაო მინუსი იქნებოდა. ეს გადასახადი მექსიკურ ავტომობილებზე არ ვრცელდება. ამასთან, მექსიკას კარგი ადგილი უკავია სამხრეთ ამერიკაში ექსპორტის თვალსაზრისით. სამხრეთულ კონტინენტზე „აუდის“ ყველაზე მეტად ბრაზილიური ბაზარი აინტერესებს.
ცნობისათვის, „ფოლკსვაგენს“ მექსიკის ქალაქ პუებლაში დიდი ქარხანა აქვს, სადაც „ჯეტას“ და „ხოჭოს“ უშვებს. ეს ქალაქი მეხიკოდან სამხრეთ აღმოსავლეთში, თითქმის 130 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ამასთან, ქალაქ სილაოში მალე გაიხსნება ძრავების ქარხანა, რომლის წლიური წარმადობაც 300 000 ძრავი იქნება.
No comments:
Post a Comment