Tuesday, June 5, 2012

„ჰიუნდაი“ ჩინეთისთვის „ელანტრას“ დააგრძელებს

Hyundai launching extended-wheelbase Elantra for China
5 ივნისი

სააგენტო ბლუმბერგის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ჰიუნდაი“ ჩინური ბაზრისთვის თავის პოპულარულ სედან „ელანტრას“ დაგრძელებას აპირებს. კორეული კომპანია იმედოვნებს, რომ გრძელბაზიანი „ელანტრას“ გაყიდვები კიდევ უფრო გაიზრდება და ცისქვეშეთის ბაზრის ლიდერებთან უკეთ კონკურენციას შეძლებს.

ბლუმბერგისვე ინფორმაციით, „ჰიუნდაი“ პეკინის მახლობლად უახლეს ქარხანას ხსნის, რომლის მშენებლობა და აღჭურვა, 1 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ეს ქარხანა სწორედ გრძელბაზიან „ელანტრას“ გამოუშვებს, რომელიც იმავდროულად, ჩვეულებრივ „ელანტრაზე“ მაღალიც იქნება.
კორეული კომპანიის განცხადებით, „ელანტრას“ დაგრძელებას თავისი მიზეზი აქვს. ის უპირველესად ახალგაზრდა მყიდველისთვისაა განკუთვნილი, რომელიც უპირატესობას მდიდრულ მანქანებს ანიჭებს. ასეა მცირე ავტომობილების სეგმენტშიც კი. ამიტომ, მწარმოებლები ამ ბაზრისთვის თავიანთ ავტომობილებს შესაბამის მოდიფიცირებას უტარებენ ხოლმე. და ამ ტრენდს არც „ჰიუნდაი“ ჩამორჩა. იმავდროულად, კორეულ კომპანიას ჩინურ ბაზარზე ლუქს მოდელებიც შეაქვს, როგორიცაა სედანი „ჯენეზისი“.
კორეულმა კომპანიამ შარშან ჩინურ ბაზარზე 757 583 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 6.7 პროცენტით მეტია. ეს „ჰიუნდაის“ გლობალური გაყიდვების მატებაზე ნაკლებია, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩინურ ბაზარზე ავტომობილების გაყიდვები მხოლოდ 5.2 პროცენტით გაიზარდა. ანუ, „ჰიუნდაის“ გაყიდვების ზრდის ტემპი, ცისქვეშეთის საავტომობილო ბაზრის ზრდის ტემპს უსწრებს...
რაც მთავარია, „ჰიუნდაი“ ჩინეთში მეოთხე ყველაზე გაყიდვადი უცხოური ბრენდია „ფოლკსვაგენის“, „ნისანის“ და „ტოიოტას“ შემდეგ (ჯენერალ მოტორსის ყველა ბრენდს სჯობნის). მარკის ცნობადობა კი განვითარებისთვის შესანიშნავი პლაცდარმია.

No comments:

Post a Comment