Tuesday, June 5, 2012

„კამარო“ vs „მუსტანგი“ სტენდზე (ვიდეო)


2013 Shelby GT500 Takes on 2013 Camaro ZL1 on the Dyno
5 ივნისი
ამერიკა ორ მასქლ ქარზე გიჟდება. ალბათ მათი სახელების შეხსენება ზედმეტია - „ფორდ მუსტანგი“ და „შევროლე კამარო“. მათი გაყიდვების შეჯიბრშიც, ხან ერთია წინ და ხან - მეორე. რა ტქმა უნდა, ორივეს ტოპ მოდიფიკაციაც აქვს, რომლებზეც ალბათ ყოველი მეორე ამერიკელი ოცნებობს. „მუსტანგის“ შემთხვევაში ესაა „შელბი GT500“, „კამაროს“ შემთხვევაში კი - „კამარო ZL1“.

პირველს სპეციფიკაციებში უწერია, რომ ის 5.8-ლიტრიანი მექანიკურდამჭირხნიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 662 ცხ.ძ-ს (6250 ბრ/წთ-ზე) და 856 ნმ-ს (4000 ბრ/წთ-ზე) ავითარებს. ის 54 200 დოლარი ღირს. მასზე 795 დოლარით ძვირია „კამარო ZL1“, რომლის კაპოტქვეშაც ასევე მექანიკურდამჭირხნიანი V8 დგას, რომლის მუშა მოცულობა 6.2 ლიტრია. ეს ძრავი 580 ცხ.ძ-ს (6000 ბრ/წთ-ზე) და 754 ნმ-ს (4200 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს.
როგორც წესი, ამ მონაცემებს კომპანიები მქნევარიდან ხსნიან. მაგრამ გამოცემა „ედმუნდსისთვის“ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მისმა სპეციალისტებმა ორივე ავტომობილი ისეთ სტენდზე შეამოწმეს, რომელიც მონაცემებს წამყვანი (ამ შემთხვევაში, უკანა) ბორბლებიდან ხსნის.
როგორც ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, ძრავიდან ბორბლებამდე, „კამაროს“ მონაცემები უფრო მკვეთრად უარესდება, ვიდრე „მუსტანგისა“. კერძოდ, სტენდმა პირველის შემთხვევაში, 497 ცხ.ძ და 673 ნმ დააფიქსირა, მეორის შემთხვევაში კი - 595 ცხ.ძ და 815 ნმ.
„ედმუნდსის“ საინჟინრო სექტორის რედაქტორმა, „კამაროს“ უფრო მეტი დანაკარგი, ნაწილობრივ იმ ფაქტით ახსნა, რომ ამ ავტომობილს დამოუკიდებელი უკანა საკიდარი აქვს, „მუსტანგი“ კი მთლიან ხიდს იყენებს. ამის უფრო რეალური მიზეზი კი ისაა, რომ „შევროლეს“ ინჟინრებმა გამიზნულად „შეარბილეს“ ZL1-ის მონაცემები. და ამას ის მიზეზი აქვს, რომ მათ არ სურთ, რომ „კამაროს“ ტოპ ვერსია, თავისი მონაცემებით ახლოს იყოს ფლაგმან „კორვეტ ZR1-თან“, რომელიც 111 600 დოლარი ღირს.

ვიდეო

No comments:

Post a Comment