23 ივლისი
„კიამ“ კომპაქტურ სედან „სერატოს“ (ბევრ ბაზარზე
მას ფორტე ჰქვია) წარმოება 2008 წელს დაიწყო, ერთი წლის შემდეგ ბაზარზე მისი
კუპესძარიანი ვერსია გამოუშვა, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი მყიდველს ხუთკარიანი
ჰეჩბეკიც შესთავაზა. გავიდა სულ რაღაც ოთხი წელი და კორეული კომპანია ამ პატარა
ოჯახის ახალი თაობის მოდელების გამოშვებაზე ალაპარაკდა.
ესკიზებზე გამოსახულ ავტომობილს პირველად კორეელებს,
სახელ K3-ით
წარუდგენენ. მოგვიანებით კი ის ლოს ანჯელესის (ამ წლის ბოლოს), ან დეტროიტის (მომავალი
წლის დასაწყისში) მოტორ შოუზე გამოფენენ. „კია“ აცხადებს, რომ პირველად ამ ავტომობილის
გაყიდვას კორეაში დაიწყებს, მომავალი წლის დასაწყისში კი მას პრაქტიკულად ყველა
ბაზარზე შეიტანს, სადაც ის ავტომობილებს ჰყიდის.
კორეული კომპანიის განცხადებით, ახალი „სერატოს“
შემუშავებისას, დიზაინერთა და ინჟინერთა ამოცანა იყო, შეექმნათ ფუტურისტული და დინამიური
გარეგნობის მქონე ავტომობილი, რომელსაც კომფორტული და ტევადი სალონი ექნებოდა. ახალი
ავტომობილის ტექნიკური მონაცემების და აღჭურვილობის შესახებ ჯერ არაფერი თქმულა,
თუმცა დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ის „ჰიუნდაი ელანტრას“ აგრეგატებს
მიიღებს.
გავრცელებული ესკიზების მიხედვით შეიძლება ითქვას,
რომ ახალი „სერატო“ ძლიერ დაემსგავსება მოდელ „სიი’დ-ს“, რომელიც ხუთკარიანი
ჰეჩბეკისა და უნივერსალის სახით, კორეულმა კომპანიამ ახლახანს, ჟენევის მოტორ
შოუზე წარადგინა.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment