23 ივლისი
ეს ძალიან პატარა, დასაკეცი ელექტრომობილი ერთხელ უკვე
გაგაცანით (http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/01/blog-post_25.html).
ის ბასკური პროექტია და როგორც ჩანს, უბრალო კონცეპტუალურ ავტომობილად დარჩენა არ
უწერია, რადგან სერიოზული მხარდაჭერა აქვს არამხოლოდ ესპანეთის მთავრობისგან და
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისგან, არამედ ევროკომისიისგან და მისი
პორტუგალიელი პრეზიდენტის, ჟოსე მანუელ ბაროსოსგანაც.
სახელი „ჰირიკო“ ბასკურ სიტყვა „ჰირიასგან“ წარმოსდგება,
რაც ქალაქს ნიშნავს. რაც შეეხება სიტყვა „ფოლდს“, ეს ინგლისურად დაკეცვას ნიშნავს
და პირდაპირ უკავშირდება ამ ავტომობილის სტრუქტურას. საქმე ისაა, რომ „ჰირიკო ფოლდი“
მართლაც დასაკეცი ავტომობილია, რისი წყალობითაც, ავტოსადგომზე, ჩვეულებრივ საშუალოზომიან
ავტომობილზე სამჯერ ნაკლებ ადგილს იკავებს.
და ეს ყველაფერი არაა, რაც „ჰირიკო ფოლდს“
გამოარჩევს. ამ ავტომობილს ძრავები, მუხრუჭები და საკიდარიც კი, ბორბალში აქვს
მოთავსებული. ამგვარად, ძარის შიგნით არსებული სივრცის დიდი ნაწილი სალონისთვის გამოსადეგია.
ოთხივე ბორბალი 60 გრადუსით უხვევს, რაც „ჰირიკოს“ მანევრულობას მნიშვნელოვნად
აუმჯობესებს.
ავტომობილს მამოძრავებელ ძალას 20-ცხენისძალიანი
ელექტრო ძრავი ანიჭებს, რომელიც „ჰირიკოს“ მაქსიმუმ 50 კმ/სთ სიჩქარის აკრეფის
საშუალებას აძლევს. რა თქმა უნდა, ახლანდელი საოზმებით ეს ძალიან ცოტაა, თუმცა ქალაქში
ასეთი პატარა მანქანით უფრო სწრაფად მოძრაობაც არაა საჭირო. სამაგიეროდ, მისი
სვლის სიშორე 120 კილომეტრია. არც ესაა ბევრი, მაგრამ დადგენილია, რომ ევროპული
ქალაქების მცხოვრებთა თითქმის 90 პროცენტი, ყოველდღიურად თავისი ავტომობილით
საშუალოდ მხოლოდ 60 კილომეტრს გადის.
თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, „ჰირიკო ფოლდი“
უფრო ავტო გამქირავებელი ფირმებისთვისაა მისწრება, თუმცა ამ პატარა ელექტრომობილის
შეძენის საშუალება მოქალაქეებსაც ექნებათ. ოღონდ, ამისათვის საჭიროა, რომ საჭირო
მოთხოვნაც არსებობდეს. კომპანიამ უკვე დაამზადა 20 ცალი „ფოლდი“, რომლებიც ტესტებისა
და სასერტიფიკაციო გამოცდებისთვისაა განკუთვნილი. სერიული პროდუქტის პრეზენტაცია
კი მომავალ წელს იგეგმება.
პროექტის
ღირებულება 71.75 მილიონი ევროა. ამ თანხის ნაწილი (15.25 მილიონი) ესპანეთის
მთავრობამ გაიღო. პროექტის დაფინანსებას ევროპული სტრუქტურებიც აპირებენ. სავარაუდოდ,
„ჰირიკო ფოლდის“ საცალო ფასი 13 500 ევროს მიაღწევს, რაც საკმაოდ ბევრია, თუმცა წარმოების
მოცულობის ზრდის კვალობაზე, ეს ფასიც შემცირდება.
ვიდეო
ასევე წაიკითხეთ
„ჰირიკო“ – დასაკეცი ელექტრომობილი
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/01/blog-post_25.html
გორდონ მარი ავტოინდუსტრიაში რევოლუციას ამზადებს
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7622.html |
„ლოტუს უორლდ ქარ კონცეპტ“ - ძალიან იაფი და ეკონომიური
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_13.html |
No comments:
Post a Comment