Monday, July 23, 2012

„მაკლარენს“ პიტსტოპის რეკორდმა ფრთები შეასხა (ვიდეო)

McLaren bullish after new pitstop record during the German Grand Prix
23 ივლისი
„მაკლარენის“ სპორტული დირექტორი სემ მაიკლი ამბობს, რომ გუნდმა წერტილი დაუსვა პიტსტოპებზე უგერგილო გარჯას, რისი დასტურიცაა ის ფაქტი, რომ გერმანიის დიდი პრიზის რბოლისას, გუნდის მექანიკოსები ჯენსონ ბატონს 2.31 წამში მოემსახურნენ. ეს კი, მიუხედავად იმისა, რომ FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) მიერ ოფიციალურად 2.4 წამია დაფიქსირებული, რეკორდული მაჩვენებელია.

მაიკლისთვის მთავარი ისაა, რომ გუნდმა პიტსტოპები გამოასწორა, ანუ შეცდომებს აღარ უშვებს. რეკორდბი მისთვის საქმის ნაწილია. ამ საქმის ფარგლებში კი, სილვერსტოუნზე, „მაკლარენი“ ორივე პილოტს პირველ სტოპზე ყველაზე სწრაფად - 2.8 წამში მოემსახურა. წამის ამ მეათედებს კი ხანდახან გამარჯვების ფასი შეიძლება ჰქონდეს.
„რა თქმა უნდა, გარკვეული საკითხების მოგვარება მომავალშიც მოგვიწევს. ისევე როგორც სხვა გუნდებს, ჩვენც ალბათ გვექნება შემთხვევები, რაც რეზინის შეცვლას გაგვიჭიანურებს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სტაბილურობის დროს, ჩვენ მეტოქეებთან სოლიდურ უპირატესობას მივაღწიეთ“, - ამბობს მაიკლი და დასძენს: „თუ სხვები სტოპს 3.1 წამში შეძლებენ, ეს ჩვენ სოლიდურ უპირატესობას მოგვცემს. არადა, გუნდების უმეტესობა რეზინს სწორედ ამ დროში ცვლის. ასე რომ, მათ 0.7-0.8 წამს ვუგებთ. ეს კი სოლიდური უპირატესობაა“.
უფრო მეტიც, მაიკლი ირწმუნება, რომ მის გუნდს პიტსტოპის მინიმალური დროის ზღვრისთვის ჯერ არ მიუღწევია და რომ მის გასაუმჯობესებლად უკვე შემუშავებულია გეგმა. რაც მთავარია, მისაღწევია სტაბილურობა. არადა, ამ სეზონში „მაკლარენი“ ლამის ყოველ რბოლაში პიტსტოპებზე შეცდომებს უშვებდა, რამაც პილოტებს ბევრი პრობლემა შეუქმნა.
„ამ საქმეში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული. ამიტომ პიტსატოპების სტაბილურობა ძნელად მისაღწევია. ჩვენ ახლა სწორედ იმას ვცდილობთ, რომ ამ სტაბილურობას მივაღწიოთ. სულაც არ გვინდა, რომ პიტსატოპების რეკორდებს გამოვეკიდოთ, თუმცა ისინი დროთა განმავლობაში ფიქსირდება, როცა ჩვენ საქმეს კარგად გავართმევთ თავს“, - ამბობს მაიკლი.
სხვათა შორის, გერმანიაში ჯენსონ ბატონის მიერ მეორე ადგილის დაკავება ნაწილობრივ სწორედ მისი მექანიკოსების დამსახურებაა. სწორედ რეკორდული პიტსტოპის წყალობით შეძლო ბრიტანელმა მრბოლმა ტრასაზე დაბრუნებისას სებასტიან ფეტელის უკან ჩამოტოვება.
„ჩვენი ბიჭები ამას იმისთვის კი არ აკეთებენ, რომ უსწრაფესების სახელი მოიპოვონ. არამედ იმისთვის, რომ ჩვენს მრბოლებს პოზიციის მოგებაში დაეხმარონ. და ეს შესანიშნავია“, - ამბობს მაიკლი.


ვიდეო







ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

No comments:

Post a Comment