Sunday, July 22, 2012

„კადილაკი“ ლუქს სეგმენტის პირველობას დაიბრუნებს

Cadillac sets sights on No. 1
22 ივლისი
„კადილაკის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტი დონ ბატლერი ამბობს, რომ მისი კომპანია, ადრე თუ გვიან, ამერიკის ბაზრის ლუქს სეგმენტში პირველობას დაიბრუნებს. ოღონდ როდის, ამაზე ლაპარაკისგან თავს იკავებს.

„ჩემი მიზანია, რომ ჩვენი კომპანია ამერიკის ლუქს სეგმენტში ისევ პირველი გახდეს. ვერ ვიტყვი, როდის შევძლებთ ამას, მაგრამ ვერ ვხედავ მიზეზს, რომლის გამოც, ამაზე ნაკლებს დავისახავთ მიზნად“, - ამბობს ბატლერი და დასძენს, რომ უკვე სამი წელია, მის კომპანიას ბაზარზე ახალი ავტომობილი არ გამოუშვია. ეს კი მის გაყიდვებზე უარყოფითად აისახება.
შესაძლოა, „კადილაკს“ იმის ნიშნები ჯერ არ ეტყობა, რომ ბატლერის მიერ დასახულ მიზანს მიაღწევს, მაგრამ ფაქტია, რომ მალე „ჯენერალ მოტორსის“ პრემიუმ მარკა სრულიად ახალ სედან ATS-ს გამოუშვებს, რომელიც „ბეემვეს“ მე-3 სერიის, „აუდი A4-ის“ და „მერსედეს-ბენცის“ C-კლასის კონკურენტი გახდება.
ახლახანს, „კადილაკმა“ უფრო მოზრდილ სედან XTS-ის წარმოება დაიწყო, მომავალ წელს კი მესამე თაობის CTS-ის და ახალი „ესკალადის“ წარმოებას დაიწყებს. მოკლე დროში ახალი ავტომობილების ასე კონცენტრირებულად გამოშვებამ, კომპანიის გაყიდვები მკვეთრად უნდა გაზარდოს.
ამჟამად ამერიკის ბაზარზე პრემიუმ სეგმენტში „მერსედეს-ბენცი“ ლიდერობს, რომელმაც შარშან იქ 261 573 ავტომობილი გაჰყიდა. „კადილაკის“ შესაბამისი მაჩვენებელი 152 389 ავტომობილი იყო. მაგრამ სამქიმიანების გარდა, ამერიკულ კომპანიას კიდევ ერთი სერიოზული მეტოქე ჰყავს, რომელმაც შარშან, იაპონიაში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფების გამო დათმო პოზიციები. ესაა „ლექსუსი“, რომელიც პირველობის დაბრუნებას აპირებს. კიდევ ერთი სერიოზული მეტოქე „აუდია“, რომელსაც მთელი მსოფლიოს ლუქს სეგმენტში ლიდერობა სურს და ამერიკის ბაზარს ამ მიზნის მიღწევაში დიდი როლი ენიჭება.
კომპანია „აუტოდატას“ მონაცემებით, წელს „კადილაკის“ გაყიდვები (წლიური გასაშუალოებული მაჩვენებლით) 18.6 პროცენტით არის შემცირებული. მაგრამ ბაზარზე ATS-ის გამოსვლის შემდეგ, ამერიკული კომპანიის მარკეტოლოგები გაყიდვების ზრდას ელიან.
მაგრამ პირველობამდე ჯერ დიდი გზაა გასავლელი და ბატლერი სწორედ ამას უსვამს ხაზს. მართალია, სახელი „კადილაკი“ მდიდრულობასთან ასოცირდება, მაგრამ უკვე ათეული წლებია, ამ ბრენდს კრიზისი აქვს და ის პოპულარობასაც თანდათან კარგავს. „ჯენერალ მოტორსის“ რამდენიმე მცდელობას, დაეძლია გაჭიანურებული კრიზისი, ჯერ სასურველი შედეგი არ მოჰყოლია.
„ჩვენ კვარცხლბეკზე დგომას ვართ მიჩვეული, მაგრამ ამჟამად მასზე არ ვართ. თუმცა, ასე დიდხანს გაგრძელებას არ ვაპირებთ“, - დასძენს ბატლერი.



ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

No comments:

Post a Comment