Friday, July 13, 2012

„ლოტუს უორლდ ქარ კონცეპტ“ - ძალიან იაფი და ეკონომიური


Lotus World Car Concept
13 ივლისი
ჩვენი ვებგვერდის ერთგულ მკითხველს ალბათ „ფოლკსვაგენის“ ძალიან ეკონომიური კონცეპტუალური ავტომობილი XL1 გაახსენდა, რომელიც ასევე „ერთლიტრიანი“ ავტომობილის სახელითაცაა ცნობილი - 100 კილომეტრზე მხოლოდ ერთ ლიტრ საწვავს მოიხმარს და იმიტომ. მაგრამ ის ავტომობილი ძალიან მცირე რაოდენობით დამზადდება და ფასითაც გიკბენთ...

„ლოტუსმა“ კი, უფრო სწორედ მისმა საინჯინრო შტომ, თითქმის ასეთივე ეკონომიური ავტომობილი შექმნა, რომელიც იაფიც იქნება და უფრო მეტ მგზავრსაც გადაიყვანს. ამ ავტომობილს „უორლდ ქარ კონცეპტ“ უწოდეს. სახელიდან ჩანს, რომ მას გლობალური, სახალხო ავტომობილის „პრეტენზიები აქვს.
„ლოტუს ენჯინიარინგის“ ჩრდილოეთ ამერიკის ოპერაციების მთავარი აღმასრულებელი დარენ სომერსეტი ამბობს, რომ ამ ავტომობილის შემუშავებისას, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, მისი სიიაფე იყო. ორიენტირად 10 000 დოლარი აიღეს. სომერსეტის თქმით, მისი კომპანიის სპეციალისტებმა სუფთა ფურცლიდან შეიმუშავეს ავტომობილი, რომელიც იმის დემონსტრირებაა, თუ როგორ შეიძლება შექმნა ძალიან ეკონომიური ავტომობილი ისე, რომ მისი ფასი არ გაგექცეს.
„უორლდ ქარ კონცეპტი“ პატარა, მსუბუქი ავტომობილია, სალონში სამ ადამიანს იტევს, რომელთაგან ერთი - მძღოლი, შუაში და ოდნავ წინ წაწეული ზის, ორი მგზავრი კი მის უკან თავსდება. სალონში ასეთ განლაგებას უკვე ბევრი იყენებს, პირველად კი ის გორდონ მარიმ, ლეგენდარულ „მაკლარენ F1-ზე“ გამოიყენა. მაგრამ „ლოტუსის“ პატარა იმითაც გამოირჩევა, რომ მას შეიძლება მეოთხე სავარძელიც ჰქონდეს, რომელიც მესამე რიგში, ავტომობილის უკან შეგიძლიათ „ჩაამტოთ“. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საბარგულზე არც უნდა იოცნებოთ. არადა, მეოთხე სავარძლის გარეშე, საბარგულის მოცულობა 255 ლიტრს აღწევს.
პატარა ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 3100 მმ, სიმაღლე 1420 მმ და ბორბლებს შორის ბაზა - 2240 მმ. სიგანეზე არაფერია ცნობილი. თუმცა, ეს ალბათ ნაკლებად საინტერესოა, რადგან ვიზუალურადაც ჩანს, რომ ავტომობილი ძალიან ვიწროა. სამაგიეროდ, ამის ხარჯზე მისი აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი (Cd) მხოლოდ 0.19-ია.
ავტომობილის გარეგნობაში დამახასიათებელი თვისება ისიცაა, რომ ბორბლები „გარეთაა“ გამოსული და მას მხოლოდ ძარის ფრთასხმულობა ფარავს. ეს კარგია იმისთვისაც, რომ „მსოფლიო ავტომობილის“ მოძრაობისას, მის მდგრადობას და მანევრულობას უზრუნველყოფს. ეს კი ზედმეტი არაა, რადგან პატარა ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 195 კმ/სთ-ს აღწევს.
ბევრი არაფერი? რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთეს მახასიათებლებს ვართ მიჩვეულნი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ამ ავტომობილის მამოძრავებელი აგრეგატის შესაძლებლობებს, სულ სხვა შთაბეჭდილება დაგვრჩება: მოკლედ, ძრავი ორცილინდრიანია, მისი მუშა მოცულობა 0.60 ლიტრი, სიმძლავრე კი - 50 ცხენის ძალა. გაოცება ოდნავ მინელდება, თუ გეტყვით, რომ „ლოტუსის“ პატარა მხოლოდ 521 კილოგრამს იწონის.
ასეთ დაბალ მაჩვენებელს ინჟინრებმა აბსოლუტური მინიმიზაციით მიაღწიეს. მაგალითად, სალონში ვერ ნახავთ მაჩვენებლების დაფას... ამისთვის სმარტ ფონი, ან ტაბლეტი დაგჭირდებათ, რომელსაც სპეციალურ პორტში შეაერთებთ და მონიტორზე ყველაფერს დაინახავთ. ისე კი, სიმსუბუქეს პირველ რიგში, მტკიცე ფოლადის, ალუმინის და კომპოზიტების გამოყენება განაპირობებს.
არავინ იცის, რა ბედი ელის ამ პროექტს. ცნობილია, რომ „ლოტუსი“ საქალაქო მინი ავტომობილ „სიტი ქარზე“ მუშაობს, რომელსაც ასეთი შესანიშნავი მახასიათებლები ძალიან გამოადგება. დიდი ალბათობაა იმისა, რომ „ლოტუსის“ ამ ახალ ტექნოლოგიას, მალაიზიური საავტომობილო კომპანია „პროტონი“ დანერგავს, რომლის ჯგუფშიც ინგლისური კომპანიაა გაერთიანებული. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ „პროტონს“ პარტნიორად „მიცუბიში მოტორსი“ ჰყავს...

No comments:

Post a Comment