25 ივლისი
ამ ავტომობილის ტესტირებას თითქმის ერთი წელი
დასჭირდა, ახლა კი ის დებიუტისთვის მზადაა. „აუდიმ“ R8 განაახლა და მას პირველად პარიზის
მოტორ შოუზე წარადგენს, მანამდე კი მისი ფოტოები და მახასიათებლები ინტერნეტით
გაგვაცნო.
და მაინც, გარეგნობაშიც არის ცვლილებები. ესაა
ოდნავ შეცვლილი რადიატორის ბადე, ასევე მის აქეთ-იქით განლაგებული თხევადკრისტალური
ფარები, რომლებიც სტანდარტულ ეკიპირებაში შევიდა. ფარების ქვეშ მოთავსებულია ზორბა
ჰაერის ამღები-ლაყუჩები, რომლებსაც სამ-სამი ჰორიზონტალური ზოლი ამშვენებს.
შეცვლილია ბამპერის ფორმაც, თუმცა ეს ელემენტი ისეა ზემოთ ჩამოთვლილებთან
ინტეგრირებული, რომ სად იწყება და სად მთავრდება, ძნელი დასადგენია.
უკანაც მსგავსი სიტუაციაა: თხევადკრისტალური ფარები
და მათ ქვეშ მოთავსებული „ლაყუჩები“, ოღონდ მათი დანიშნულება ჰაერის გამოშვებაა. მოყვანილობა
კი თითქმის ისეთივე აქვთ, როგორიც წინებს. რადიატოს სანომრე დაფის ნიშა ცვლის, რა
თქმა უნდა, მას განსხვავებული ფორმა აქვს (არასწორი ოთხკუთხა და არა ექვსკუთხა).
ძირში დიფუზორს შენიშნავთ, რომელსაც ორივე მხარს გამოსაბოლქვი მილები უმშვენებს.
სალონში კი ცვლილებები მინიმალურია.
R8-ს ძრავების გამაში ისევ 4.2-ლიტრიანი V8 და 5.2-ლიტრიანი
V10 შედის. პირველი 424 ცხენის ძალას და 430 ნიუტონმეტრს ავითარებს, მეორე კი - 518
ცხენის ძალას და 530 ნიუტონმეტრს. ოღონდ, 6-საფეხურიანი რობოტიზებული R ტრონიკის
ნაცვლად, ორივე აგრეგატს 7-საფეხურიანი S ტრონიკი მოემსახურება. „აუდ“ ირწმუნება,
რომ ამ ახალი ტრანსმისიის წყალობით, ავტომობილის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის
შემცველობა კილომეტრზე 22 გრამით არის შემცირებული. გაუმჯობესდა მანქანის
ტემპერამენტიც - ახალი ტრანსმისიის წყალობით, ადგილიდან ასის აკრეფა 0.3 წამით ნაკლებშია
შესაძლებელი. ყოველივეს მიუხედავად, მყიდველს ძველ ტრანსმისიას მაინც
შესთავაზებენ.
V8 ძრავით აღჭურვილ R8-ს, S ტრონიკით ადგილიდან 100
კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 4.2 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 300
კმ/სთ-ს აღწევს. V10 ძრავით და S ტრონიკით კი აჩქარებას 3.6 წამი ჰყოფნის,
მაქსიმალური სიჩქარე კი 314 კმ/სთ-ს აღწევს.
სიახლეა
მუხრუჭებშიც. კერძოდ, სამუხრუჭე დისკოებს ეგრეთ წოდებული ტალღური ფორმა აქვთ.
ისინი დაახლოებით ორი კილოგრამით მსუბუქია ჩვეულებრივ დისკოებზე, როგორებსაც ადრე
იყენებდნენ. განახლებული R8 უფრო დიდი ზომის ბორბლებზე დგას. „R8 V8 კუპეს“
შემთხვევაში, 18-დუიმიან ბორბლებზე წინ 235/40, უკან კი 285/35 ზომის საბურავებია
ჩაცმული. „R8 V10 კუპე“ კი 19-დუიმიანი ბორბლებზე დგას, რომლებიც წინ 235/35, უკან
კი 295/30 საბურავებითაა შემოსილი.
რაც შეეხება „V10 პლუს“ ვერსიას, ამ ავტომობილით,
რომელიც მხოლოდ კუპეს ძარით შეიმოსება, გერმანულმა კომპანიამ წინა R8-ს ტოპ ვერსია
შეცვალა, რომელიც 560 ცხენის ძალას ავითარებს და კუპეს და როდსტერის ძარით, მხოლოდ
333-333 ცალი დამზადდა.
„V10 პლუსის“ კაპოტქვეშ განლაგებულია 5.2-ლიტრიანი V10,
რომლის სიმძლავრეც 542 ცხენის ძალამდე, მაბრუნი მომენტი კი 540 ნიუტონმეტრამდე (6 500
ბრ/წთ-ზე) გაიზარდა. ამ ძრავსაც 7-საფეხურიანი S ტრონიკი უკავშირდება, რომელიც
ამძრავი ძალით ოტხივე ბორბალს ამარაგებს. ამ ავტომობილს 0-100 კმ/სთ აჩქარება 3.5
წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 317 კმ/სთ-ს აღწევს. იმავდროულად, ეს
ავტომობილი საშუალოდ 100 კილომეტრზე 12.9 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ხარჯი 2.0 ლიტრით
გაიზრდბა, თუ S ტრონიკის ნაცვლად, R ტრონიკი ტრანსმისია დგას.
აღსანიშნავია, რომ „V10 პლუს“ ვრსიაზე, ბევრი რამ
შემსუბუქებულია. მაგალითად, შასიში შუშის ბოჭკოთი გაძლიერებული პლასტიკია
გამოყენებული, ბორბლები მსუბუქი ალუმინისაა, ალუმუნისვეა შასის ზოგიერთი ელემენტი.
ამის წყალობით, ეს ავტომობილი საბაზო V8-ძრავიან ვერსიაზე მხოლოდ 10 კილოგრამით
მძიმეა და 1570 კილოგრამს იწონის.
განახლებული
კუპე „აუდი R8-ს“ ღირებულება გერმანიაში 113 500 ევროა, „V8 სპაიდერისა“ – 124 800
ევრო, V10 კუპესა და სპაიდერისა - შესაბამისად, 154 600 და 165 900 ევრო. დაბოლოს,
„V10
პლუსის“ ფასი 173 200 ევროა. გაყიდვები მომავალი წლის დასაწყისში აიღებს სტარტს.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment