25 ივლისი
„ასტონ მარტინმა“ გადაწყვიტა, რომ ექსკლუზიურ სუპერ
ავტომობილ „V12 ძაგატოს“ წარმოება, 150-დან 101-მდე შეამციროს. კომპანია ამის
მიზეზს არ განმარტავს, თუმცა ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ
ავტომობილზე მოთხოვნამ მოლოდინი არ გაამართლა.
საქმე ისაა, რომ „V12 ძაგატო“ მეტისმეტად ძვირი
ღირს. ბრიტანეთში მისი ფასი 330 000 გირვანქა სტერლინგია, ანუ თითქმის სამჯერ
მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი კუპე „V12 ვენტიჯისა“, რომლის ბაზაზეც ისაა დამზადებული.
და თითქმის ორჯერ ძვირია ინგლისური კომპანიის ფლაგმან სუპერ ავტომობილ DBS-ზე.
მართალია, ტირაჟი ისედაც შეზღუდული იყო, რაც მის ექსკლუზიურობას უსვამდა ხაზს,
მაგრამ იმავდროულად, საბაზო მოდელისგან განსხვავებაც მინიმალურია.
არადა, „V12 ძაგატო“ „ასტონ მარტინის“ და იტალიურ
ატელიე „ძაგატოს“ თანამშრომლობის 50 წლის აღსანიშნავად შეიქმნა. მათ პირველი
ერთობლივი ავტომობილი - „ასტონ მარტინ DB4 GT ძაგატო“, 1961 წელს შექმნეს. კონცეპტუალური
„V12 ძაგატოს“ პრემიერა შარშან, ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსზე შედგა,
სადაც საუკეთესო კონცეპტუალური ავტომობილის წოდება დაიმსახურა.
ექსკლუზიური სუპერ ავტომობილი, 6.0-ლიტრიანი V12
ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 517 ცხენის ძალას ავითარებს. ძრავთან დაკავშირებულია 6-საფეხურიანი
მექანიკური კოლოფი. ამ წყვილის დახმარებით, „V12 ძაგატოს“ ადგილიდან ასის აკრეფა 4.2
წამში ხელეწიფება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 305 კმ/სთ-ია.
თითოეული
„V12 ძაგატო“ ხელით იწყობა, რაზეც დაახლოებით 2000 სათია საჭირო. ამ ავტომობილის
წარმოება ოქტომბერში დაიწყება.
ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html |
No comments:
Post a Comment