Wednesday, July 25, 2012

„ფოლკსვაგენმა“ შეიძლება „ლოტუსიც“ იყიდოს

Germany Planning Complete Invasion of Britain - VW May Buy Lotus!
25 ივლისი
წლების განმავლობაში, სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია „ლოტუსი“, მალაიზიურ საავტომობილო კომპანია „პროტონს“ ეკუთვნის. ამ უკანასკნელთან ალიანსს რამდენიმე წლის წინ „ფოლკსვაგენი“ ესწრაფოდა, თუმცა გარიგება არ შედგა. ახლახანს კი მალაიზიურ კომპანიას მფლობელი შეეცვალა, რომელმაც „ლოტუსის“ მთავარი აღმასრულებელი დენი ბაჰარი დაითხოვა.
ახლა კი, როგორც ინტერნეტ გამოცემა „პისტონჰედი“ ირწმუნება, „ლოტუსის“ შეძენით დაინტერესება „ფოლკსვაგენმა“ გამოთქვა. მხარეებს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ ეს ინფორმაცია. თუმცა, სანამ ეს მოხდება, იბადება კითხვა - რად უნდათ ვოლფსბურგელებს სპორტული ავტომობილების მწარმოებელი კიდევ ერთი კომპანია, რომელიც პოტენციურად, მათს ჯგუფში შემავალი კომპანიების - „პორშეს“ და „ლამბორგინის“ კონკურენტი შეიძლება გახდეს?
„ლოტუსამდე“, ინტერნეტში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ფოლკსვაგენს“ მალაიზიურ კომპანია „DBR ჰაიკომის“ და მასთან ერთად, „პროტონის“ (ეს მას შემდეგ, რაც ჰაიკომმა პროტონი შეიძინა) შეძენა სურს. სხვათა შორის, „ფოლკსვაგენსა“ და „ჰაიკომს“ პარტნიორული ურთიერთობა ისედაც აქვთ - მალაიზიური კომპანია, საშინაო ბაზრისთვის, სედან „ფოლკსვაგენ პასატს“ აწარმოებს.
სხვათა შორის, რაც „პროტონი“ იყიდა და „ლოტუსის“ შეფი გაათავისუფლა, „ჰაიკომს“ თითქოს „ლოტუსის“ გაყიდვაც სურდა. მაგრამ მალაიზიურმა კონგლომერატმა ინგლისურ ბრენდში 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის ინვესტიცია განახორციელა და ერთ ამდენს კიდევ გაიღებს. ეს კი ნიშნავს, რომ „ჰაიკომს“ და მის მილიარდერ მფლობელ სიედ მოხტარ ალ-ბულხარის, „ლოტუსთან“ დაკავშირებით, თავისი გეგმები აქვთ.
P.S. „DBR ჰაიკომმა“ გამოაცხადა, რომ უცხოურმა კომპანიამ, რომლის სახელსაც საიდუმლოდ ინახავს, „ლოტუსში“ 1 გირვანქა სტერლინგი შესთავაზა. ამასთან, ინგლისურ კომპანიას მისი ვალებიანად ყიდულობს, რაც 200 მილიონ გირვანქას აღწევს. მალაიზიურმა კომპანიამ ეს შეთავაზება უარყო და განაცხადა, რომ „ლოტუსის“ განვითარებასთან დაკავშირებით, თავისი გეგმები აქვს. ოღონდ, ამ გეგმებში არ შედის იმ ხუთი ავტომობილის გამოშვება, რომლებიც კომპანიამ ორი წლის წინ, პარიზის მოტორ შოუზე, კონცეპტუალური ვერსიების სახით გვიჩვენა.



ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

No comments:

Post a Comment