Wednesday, August 22, 2012

„კადილაკი“ თავის მომავალს ისევ ტიზერებით გვაცნობს

Cadillac “Glamour” Concept Comes Into Focus with Speculative Coupe Renderings
22 აგვისტო
თუმცა, წინა ფოტო ტიზერისგან განსხვავებით, მეორეზე უფრო კარგად ჩანს მომავალი „გლამურული“ (როგორც თავად კადილაკი მოიხსენიებს) ავტომობილის სტილი და ძარის ტიპი. აქედან გამომდინარე, გარკვეული ვარაუდების გაკეთებაც შეიძლება. ამერიკული პრემიუმ კომპანიის (რომელიც ჯენერალ მოტორსის ოჯახის წევრია) ახალ დიზაინ სტილს, დევიზით „ამერიკული გლამური ამერიკულ ტექნოლოგიებს შეესაბამება“, პირველად სწორედ ამ ახალ ავტომობილზე ვნახავთ. თუმცა ტიზერზე რაც ჩანს, იმას ადვილად მიამსგავსებთ კონცეპტუალურ „სიელს“, რომელიც „კადილაკმა“ შარშან გვიჩვენა.
სხვათა შორის, „კადილაკი“ ამ ავტომობილს დეტროიტის მოტორ შოუზე დებიუტისთვის ამზადებს, რომელიც იანვარში გაიმართება. ანუ, პირველ ჩვენებამდე არსებულ დიდ დროში, ისინი არაერთ ტიზერს და მწირი ინფორმაციის ულუფას კიდევ გაავრცელებენ, რითაც თავიანთ სიახლეს მუდმივად მედიის ყურადღების ცენტრში მოაქცევენ. და ეს უკვე შესანიშნავი რეკლამაა.
ახალ ტიზერებს თუ კარგად დააკვირდებით, ალბათ „სიელთან“ ბევრ მსგავსებას აღმოაჩენთ. ამასთან, უკნიდან გადაღებულ ფოტოზე გამოსახული ავტომობილი ალბათ ლეგენდარულ „ელდორადოს“ გაგახსენებთ. არის კიდევ ერთი ვარაუდი: შესაძლოა, ჩვენს წინაშეა „სიელის“ დახურული, კუპესძარიანი ვერსია, რომლის გარეგნობაც იმავე „სიელის“ სტილის ევოლუციაა.
კიდევ ერთი ვარაუდი: მართალია, საავტომობილო გამოცემების უმეტესობა გვაუწყებს, რომ ამ ავტომობილს დეტროიტის მოტორ შოუსთვის ამზადებს, მაგრამ ფოტო ტიზერების გამოქვეყნების სიხშირე შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ ამ ავტომობილს გაცილებით ადრე, პარიზის მოტორ შოუზე ვიხილავთ. თუმცა, ეს მაინც ნაკლებად სავარაუდოა - მართალია, „კადილაკი“ ცდილობს, რომ გლობალური ბრენდი გახდეს, მაგრამ ძნელად სავარაუდოა, პარიზში ჩაატაროს იმ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა, რომელიც უპირველესად, ამერიკული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.
მოკლედ, პრემიერამდე დრო ჯერ გვაქვს და სანამ „კადილაკი“ ჩვენთვის თავისი ახალი ავტომობილის ჯერ მხოლოდ ფოტო ტიზერებს იმეტებს, ისინი „სიელის“ შესაბამის ხედებს შევადაროთ, ესეც გარკვეულ წარმოდგენას შეგვიქმნის...


ასევე წაიკითხეთ

”აუდი A9” - ჰიბრიდული სპორტული სედანის კონცეპცია

No comments:

Post a Comment