28 აგვისტო
არიას "ფერარის" შესაძლო ესკიზი |
ჩირაგ არია იმ ადამიანთა შორისაა, ვისაც თავისუფლად
შეუძლია თქვას, რომ ძალიან გაუმართლა. ის 32 წლისაა, დაბადებულია ინდოეთში,
უცხოვრია ამერიკაში და უკვე ექვსი წელია, რაც დუბაიში ცხოვრობს. მეზობელ საერიმო რას
ალ ხაიმაში კი სამრეწველო საწარმოს ფლობს.
ჩვენთვის ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ეს კაცი „ფერარის“
ავტომობილებზეა შეყვარებული. მის ფარეხში უკვე დგას რამდენიმე „ფერარი“, რომელთა
შორისაც ორი (430 სკუდერია და 599 GTO) V8 ძრავითაა აღჭურვილი. ბიზნესმენი მათ ყოველდღიურად
იყენებს. მაგალითად, „599 GTO-თი“, რომელიც შარშან შეუძენია, უკვე 7000 კილომეტრი
აქვს გავლილი. ეს კი „ფერარისთვის“ მეტისმეტად ბევრია.
რა თქმა უნდა, ეს კაცი სხვა ავტომობილებსაც ფლობს -
ჯიბე ამის საშუალებას აძლევს. მაგრამ თავადვე ამბობს, რომ დანარჩენები „ფერარის“
მსგავს სიამოვნებას ვერ ანიჭებენ. ბავშვობიდან თურმე ერთადერთ მოდელზე ოცნებობდა
და არა „ფერარის“ მარკაზე (როგორც თავადვე ამბობს). ეს ერთადერთი F40-ია,
ავტომობილი, რომელიც პირველად ფოტოზე უნახავს.
„ბავშვობაში, ეს მანქანა პირველად ჟურნალში, ფოტოზე
ვნახე. მას სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი მართავდა. და მაშინ გადავწყვიტე, რომ
მხოლოდ ესაა ავტომობილი, რომელიც მინდა რომ მყავდეს“, - იხსენებს არია.
„ფერარის“ პირველი ავტომობილი, რომელიც არიამ
შეიძინა, „575M მარანელოა“, რომელსაც მოჰყვა „ენცო“, „დაიტონა“, „599
GTO“, „430 სკუდერია“ და, რა თქმა უნდა, F40, რომლითაც „ფერარისთან“ მისი რომანი დაიწყო.
მოკლედ, ეს კაცი მარანელოელთა გამორჩეული კლიენტია და რა თქმა უნდა, როდესაც ისინი
რაიმე განსაკუთრებულის გამოშვებას აპირებენ, არიას აუცილებლად უკავშირდებიან და
სიახლეს სთავაზობენ.
ახლახანს არიას მარანელოდან დაუკავშირდნენ და „SA
აპერტას“ – 599-ის ღია ვერსიის შეძენა შესთავაზეს, ავტომობილისა, რომელიც მხოლოდ 80
ცალი დამზადდება. „ეს შეთავაზება იმის გამო მივიღე, რომ ჩემს ფარეხში უკვე დგას
599XX. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც იცი, რომ „ფერარის“ რჩეულთა სიაში ხარ“, -
ამბობს ბიზნესმენი.
ფერარი 599 GTO |
რა თქმა უნდა, არია აუცილებლად შეიძენს „ახალ ენცოს“,
რომლის პრემიერაც პარიზის მოტორ შოუზეა მოსალოდნელი. მას ასევე სურს FF-ის
შეძენა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ავტომობილს გამჭვირვალე სახურავი ექნება
(რა პრობლემაა, მისთვის სწორედ ასეთს გააკეთებენ). მაგრამ ეს ყველაფერი მაინც
არაა. არიას განსაკუთრებული მოდელი სურს, ისეთის, რომლის მსგავსს მეორეს ვერ
ნახავთ!
ის უკვე მოელაპარაკა „ფერარის“, რომელიც სპეციალური
შეკვეთით, 599 GTO-ს ბაზაზე, ექსკლუზიურ ავტომობილს დაამზადებს. ავტომობილს სავალი
ნაწილი დონორი მოდელისა შეუნარჩუნდება, ძარას კი სრულიად განსხვავებულს მიიღებს.
„მე ვუთხარი დიზაინერებს, რაც მინდოდა და მათ საერთო
ჯამში, 12 ვარიანტი შემომთავაზეს. მათგან ის ელემენტები ავარჩიე, რომლებიც
განსაკუთრებით მომეწონა და საბოლოოდ, ასე მივედით ისეთ დიზაინამდე, რომელიც თავიდანვე
ჩაფიქრებული მქონდა“, - ამბობს არია, ვინც ახლახანს მარანელოში იმყოფებოდა, რათა
თავისი მომავალი ავტომობილის სრულმასშტაბიანი თიხის სკულპტურა ენახა.
არია დეტალებზე არ საუბრობს. ამბობს მხოლოდ, რომ ეს
არ იქნება რომელიმე ძველი მოდელის გაცოცხლება. და მანქანას ბევრი რამ აქვს როგორც
ძველი ლეგენდარული ავტომობილებისგან, ისე ახლებისგანაც. თუ ყველაფერი გეგმის
შესაბამისად წარიმართა, მაშინ არია თავის მანქანას მომავალი წლის დასაწყისში
მიიღებს. ავტომობილს თავისი დუბაის სახლის ფარეხში გააჩერებს, თუმცა მას ყოველ
ზაფხულს ევროპაში გაასეირნებს.
„არ ვაპირებ ამ მანქანის მსოფლიოსთვის ჩვენებას,
რადგან ის მხოლოდ ჩემი, პირადია“, - ამბობს არია, თუმცა ძნელი წარმოსადგენია,
ასეთი გამორჩეული ქმნილება, თანამედროვე ფოტოაპარატებს გამოაპარო, მითუმეტეს, თუ
მასზე გრიალს ევროპაში აპირებ...
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment