Wednesday, August 29, 2012

„ბენტლიმ“ შესაძლოა პარიზში კონცეპტუალური სპორტქარი გვიჩვენოს

Bentley Rumored to Debut New Sports Car Concept in Paris
29 აგვისტო
დღეს უკვე დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ „ბენტლი“ უგზოობის ავტომობილს გამოუშვებს. ამ ავტომობილის წარმოებისთვის უკვე ემზადება ქრიუს ქარხანა. ეს იქნება ავტომობილი, რომელმაც ბრიტანულ კომპანიას გაყიდვების მოცულობა უნდა გაუზარდოს და სოლიდური მოგება მოუტანოს.
მაგრამ როგორც ირკვევა, უგზოობის ავტომობილის გარდა, „ბენტლის“ კიდევ ერთი ახალი ავტომობილის წარმოების გადაწყვეტილებაც აქვს მიღებული. გამოცემა „ქარ ენდ დრაივერის“ ინფორმაციით, ახალ სპორტულ ავტომობილზე უკვე მუშაობს „ბენტლის“ მთავარი დიზაინერი. უფრო მეტიც, ამავე გამოცემის ინფორმაციით, ამ ავტომობილს პარიზის მოტორ შოუზე ვიხილავთ.

ამერიკული გამოცემა ავტომობილზე კონკრეტულ ინფორმაციას ვერ გვთავაზობს, თუმცა ირწმუნება, რომ ამ ავტომობილის გარეგნობა, „ბენტლის“ სპორტულ მისწრაფებათა და წარსული დიდების ამსახველი იქნება. და ეს იქნება ბრიტანული კომპანიის „ყველაზე სპორტული“ ავტომობილი 1999 წლის კონცეპტუალური „ბენტლი ჰანოდიერსის“ (ფოტოზე) შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ეს ავტომობილი აღჭურვილი იყო „ფოლკსვაგენის“ ცნობილი 8.0-ლიტრიანი ატმოსფერული W16 ძრავით, რომელიც 632 ცხენის ძალას (6000 ბრ/წთ-ზე) და 760 ნიუტონმეტრს (4000 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. ძრავთან 5-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი იყო შეწყვილებული. თეორიულად, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ს აღწევდა.
არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც, ახალი ავტომობილის წარმოება არ იგეგმება და მისი მეშვეობით, „ბენტლი“ თავისი მომავალი სტილის დემონსტრირებას აპირებს. ამ სტილზე „ბენტლი“ თავის ყველა ავტომობილს გადაიყვანს.
სხვათა შორის, კომპანიის შეფ ვოლფგანგ დურჰაიმერს ნათქვამი აქვს, რომ სპორტულ ავტომობილს „ბენტლი“ არ გამოუშვებს, რადგან ასე მას კონკურენცია „მონათესავე“ (ფოლკსვაგენის ჯგუფიდან) „პორშესთან“, „აუდისთან“ და „ლამბორგინისთან“ მოუწევს. სხვათა შორის, დურჰაიმერს არ უხსენებია „ბუგატი“, რომლის მთავარი აღმასრულებელიც ასევე თავადაა.


ასევე წაიკითხეთ

”აუდი A9” - ჰიბრიდული სპორტული სედანის კონცეპცია

No comments:

Post a Comment