Thursday, August 30, 2012

„მაკლარენი“ ბელგიაში ორმაგ DRS-ს არ გამოიყენებს

McLaren will not debut double DRS at Belgian Grand Prix
30 აგვისტო
„მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს, მისი გუნდი ბელგიაში პირველად გამოიყენებს ორმაგ DRS-ს. თუმცა, არ გამორიცხა, რომ იმავე აეროდინამიკურ სისტემას „მაკლარენი“ თავის მანქანაზე სეზონის ბოლო ეტაპებზე მაინც დანერგავს.
როგორც ცნობილია, ორმაგი DRS-ის პიონერი „მერსედესია“, სპაზე კი მსგავს სისტემას „ლოტუსი“ პირველად გამოიყენებს (გერმანიის პრაქტიკებზე პირველად მოსინჯა) - ბელგიის ტრასა მაღალი საშუალო სიჩქარით გამოირჩევა და ამიტომ, მასზე ორმაგ DRS-ს მეტი ეფექტი აქვს. ამიტომ, მოსალოდნელი იყო, რომ „ლოტუსს“ „მაკლარენიც“ მიბაძავდა.
„რა თქმა უნდა, ორმაგი DRS საინტერესო მიგნებაა, მაგრამ ვფიქრობ, შეიძლება მისი სხვა ვარიანტების შექმნა. ასე რომ, არაა აუცილებელი, რომ ყველა „მერსედესის“ მიერ გატკეპნილ გზას გაჰყვეს. ჩვენ კი, არ ვაპირებთ იმის თქმას, თუ როდის და სად ვაპირებთ მსგავსის პირველად გამოყენებას და საერთოდ, ვაპირებთ, თუ არა. ჩვენს მანქანაზე მალე განსხვავებული ფორმის ფრთას ნახავთ, რომელსაც გამოვცდით, მაგრამ ბელგიაში რომ ორმაგი DRS არ გვექნება, ამის გარანტიას გაძლევთ“, - ჟურნალ
„ავტოსპორტთან“ საუბრისას განაცხადა უიტმარშმა.

სხვათა შორის, არც ლოტუსს აქვს თავისი სისტემის რბოლაში გამოყენება გადაწყვეტილი. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პრაქტიკების დროს, ეს სისტემა პრობლემების გარეშე იმუშავებს.
უნდა ითქვას, რომ სპას კიდევ უფრო სწრაფი, მონცას ტრეკი მოჰყვება, მაგრამ ორმაგ DRS-ს იქ ნაკლები ეფექტი უნდა ჰქონდეს, რადგან მის გრძელ სწორ მონაკვეთებზე, მანქანას გზასთან მინიმალური ჩაჭიდება ჰყოფნის. ბელგიაში კი გრძელ სწორ მონაკვეთებთან ერთად, პილოტებს ძალიან სწრაფი მოსახვევების გავლაც უწევთ, სადაც ორმაგი DRS მისწრებაა.
დაბოლოს შეგახსენებთ, რომ მომავალი სეზონიდან, ორმაგი DRS-ის გამოყენება იკრძალება.

ასევე წაიკითხეთ:
ქართული ავტოსპორტი
http://autopanoramaf1.blogspot.com/search/label/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98 

და

ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment