Monday, September 10, 2012

„სანიონი“ პარიზში კონცეპტუალურ ელექტრულ ქროსოვერს წარადგენს

SsangYoung Reveals e-XIV Concept Ahead of Paris
10 სექტემბერი
კორეულმა კომპანია „სანიონმა“ პარიზის მოტორ შოუსთვის, თავის ელექტრულ კონცეპტუალურ ქროსოვერ e-XIV-ის ახალ ვერსიას წარადგენს, რომელიც შესაძლო, წინასერიული ავტომობილიც იყოს. ამ ავტომობილის პირველი ვერსია კორეულმა კომპანიამ ფრანკფურტის შარშანდლ მოტორ შოუზე წარადგინა, მეორე ვერსია კი - ჟენევაში.
e-XIV სწორედ ჟენევის მოტორ შოუზე ნაჩვენები, ასევე კონცეპტუალური XIV-2-ის ევოლუციური ვერსიაა. ამ ორ ავტომობილს პრაქტიკულად ერთნაირი გაბარიტები აქვს. ახალი კონცეპციის სიგრძეა 4160 მილიმეტრი, სიგანე 1790 მილიმეტრი, სიმაღლე 1575 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა - 2600 მილიმეტრი.
e-XIV ორკარიანი ქროსოვერია და შესაბამისად, უკანა სავარძლების მგზავრების სივრცეც შეზღუდულია, თუმცა მათ შვებას ის ფაქტორი მისცემს, რომ ავტომობილს გამჭვირვალე სახურავი აქვს, რომელშიც ასევე მზის ელემენტებია ჩამონტაჟებული. ავტომობილის ელექტრონიკის მართვა სმარტფონითაცაა შესაძლებელი.
ქროსოვერს სამოძრაო ძალას ელექტროძრავი ანიჭებს, რომელსაც ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი კვებავს. მოძრაობის დროს, ამ ბლოკის დამუხტვა შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემს შეუძია. ჯერჯერობით, „სანიონს“ ელექტრო-ჰიბრიდული დანადგარის მონაცემები არ გამოუქვეყნებია.
არსებობს ვარაუდი, რომ e-XIV-ის ბაზაზე კორეული კომპანია მალე დაიწყებს სერიული (შიდაწვისძრავიანი) პატარა ქროსოვერის წარმოებას, რომელიც კონკურენციას „ნისან ჯუკს“ გაუწევს. ამ ავტომობილის წარმოების დაწყება მომავალ წელსაა მოსალოდნელი.

ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი


No comments:

Post a Comment