Monday, September 10, 2012

„პორშემ“ უგზოობის „მაკანის“ წარმოება გაზარდა

Porsche to Produce 75,000 Macan SUVs per Year
10 სექტემბერი
არადა, ამ ავტომობილის წარმოება ჯერ არ დაწყებულა...
„პორშე“ უგზოობის კომპაქტურ მოდელ „მაკანის“ წარმოებას მერმისს დაიწყებს და პირვანდელი გეგმით, წლიურად 45 000 ცალის წარმოებას გეგმავდა, თუმცა მარკეტოლოგთა დაჟინებული მოთხოვნით, ეს რიცხვი უკვე 2014 წელს გაორმაგდება. უფრო სწორედ, 75 000-მდე გაიზრდება. ამის შესახებ, გერმანული ყოველკვირეული გამოცემა „ვირტშაფტვოხე“ იუწყება.
ამ გამოცემას კი ინფორმაცია „პორშეს“ მიმწოდებლებისგან ჩაუვარდა ხელთ, რომლებსაც გერმანულმა კომპანიამ ლაიპციგის ქარხნისთვის, სადაც „მაკანს“ გამოუშვებს, გაზრდილი რაოდენობით მაკომპლექტებელი ნაწილები შეუკვეთა. ეს ავტომობილი, რომელსაც ადრე „პაიუნად“ მოიხსენიებდნენ (კაიენ-იუნიორ, ანუ პატარა კაიენი) „აუდის“ Q5-ის პლატფორმაზე აიგება და შესაბამისად, მათ მაკომპლექტებლების დიდი ნაწილიც ერთნაირი ექნებათ.
„მაკანი“ სპორტული ავტომობილების მწარმოებელი შტუტგარტული კომპანიისთვის, რომელიც ახლახანს „ფოლკსვაგენის“ დიდ ოჯახს შეუერთდა (ორივე კომპანიას ფერდინანდ პორშეს შთამომავლები აკონტროლებენ), მეხუთე ავტომობილი გახდება. შეგახსენებთ, რომ ამჟამად „პორშე“ სპორტულ 911-ს, როდსტერ/კუპე „ბოქსტერ/კაიმანს“, უგზოობის „კაიენს“ და ოთხკარიან კუპე (სპორტულ სედან) „პანამერას“ აწარმოებს.
„პორშემ“ შარშან მთელს მსოფლიოში 118 867 ავტომობილი გაჰყიდა, მისი გეგმა კი 2018 წლისთვის გაყიდვების 200 000-მდე გაზრდას თვალისწინებს. დასახელებული რიცხვების გათვალისწინებით, ამ გეგმის შესრულებაში „მაკანს“ მთავარი როლი ენიჭება. თუმცა მანამდე „პორშე“ თავის სამოდელო გამას კიდევ გააფართოებს.
ცნობისათვის, სიტყვა „მაკანი“ ინდონეზიური ყოფილა და ვეფხვს აღნიშნავს. ის V6 ძრავებით აღიჭურვება, რომელთა შორისაც ალბათ იქნება „აუდის“ წყვილ ტურბოიანი დიზელის 3.0-ლიტრიანი აგრეგატი 313 ცხენის ძალით. ამასთან „მაკანის“ ძრავების გამაში დიდი ალბათობით, ოთხცილინდრიანი და ჰიბრიდული აგრეგატებიც შევა.


ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

No comments:

Post a Comment