Thursday, September 20, 2012

„პეჟო ონიქსი“ - ამჯერად სუპერ სკუტერი

Peugeot Onyx Supercar Gets Scooter Concept Sibling, will Also Debut in Paris
20 სექტემბერი
ბევრმა ალბათ არ იცის, რომ „პეჟო“ მარტო ავტომობილებს არ აწარმოებს - ფრანგული კომპანია დიდად გამოცდილია მოტოციკლების და სკუტერების წარმოებაში. ეგ კი არა, ავტომობილებზე ადრე მოტოციკლებს და ველოსიპედებს უშვებდა (1800-იანი წლების ბოლოდან) და დღესაც არაერთ (14-ს) ორბორბლიან მოდელს აწარმოებს. მათ შორისაა როგორც პატარა სკუტერები, ასევე მტავალსაფეხურიანი ტრანსმისიებით აღჭურვილი ბაიკები და მოპედებიც. ძრავების კუბატურა 50-დან 500 კუბურ სანტიმეტრამდეა.
და აი, პარიზის მოტორ შოუზე, რომელიც ერთ კვირაში დაიწყება, „პეჟო“ თავის კონცეპტუალურ და სერიულ ავტომობილებთან ერთად, კონცეპტუალურ სამბორბლიან მოტოციკლსაც, სახელად „ონიქს კონცეპტ სკუტერ“, წარადგენს. და კომპანიის პავილიონში, ის კონცეპტუალურ სუპერ ავტომობილ „ონიქსს“ დაუმშვენებს გვერდს.
ისევე როგორც სუპერ ავტომობილი, სკუტერიც შავ და სპილენძისფერ ტონებშია გადაწყვეტილი. მისი ძარა, თუ შეიძლება ასეთი უწოდო, ბრტყელი და წახნაგოვანი ფორმებით გამოირჩევა. წინ მოთავსებულია ფალს რადიატორი, რომელიც „პეჟოს“ სტილშია შესრულებული. მის ორივე მხარეს კი თხელი წანაზარდი-ელერონებია, რომლებშიც ვიწრო, შუქ-დიოდური ფარებია ჩასმული.
რაც მთავარია, ფრანგულმა კომპანიამ „ონიქს სკუტერის“ ორი კონფიგურაცია შეიმუშავა. ესაა სპორტი და ურბანი. პირველ შემთხვევაში, მხედარი მანქანაზე წინაა წახრილი როგორც სუპერბაიკზე. ანუ, ფეხის ტერფები უკანაა გაშვერილი. მეორე შემთხვევაში კი მანქანა ორადგილიანია, მხედრის პოზიცია წინაა გადაწეული და მის ზურგს ვერტიკალური პოზიცია უკავია.
კონცეპტუალური „ონიქს სკუტერი“ ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რომელშიც 0.4-ლიტრიანი შიდაწვის ძრავი და ელექტროძრავი შედის. წამყვანი უკანა ბორბალია, რომლის ზომაა 200/50 R17. სისტემის სიმძლავრე 60 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 58 ნიუტონმეტრი. ამ დანადგარის მეშვეობით, სკუტერის მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ-ს აღწევს. მანქანა ასი კილომეტრის გასავლელად 2.0 ლიტრ საწვავს მოიხმარს. მხოლოდ ელექტროძრავით გადაადგილებისას, მისი სვლის სიშორე 30 კილომეტრს აღწევს (სიჩქარე 50 კმ/სთ), ორივე აგრეგატის გამოყენების შემთხვევაში კი სვლის სიშორე 500 კილომეტრს აღწევს.
„პეჟო“ ჯერ არ ამბობს, თუ რა გეგმები აქვს ამ ჰიბრიდულ სკუტერთან დაკავშირებით.


ასევე წაიკითხეთ

„მაკლარენ P1“ – F1-ის შემცვლელის პირველი გამოცხადება

No comments:

Post a Comment