Thursday, October 18, 2012

„სუზუკი სვიფტ 4x4 აუტდორ“


Suzuki Reveals Swift 4x4 Outdoor
18 ოქტომბერი
მესამე თაობის „სუზუკი სვიფტი“ თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური, „უნარიანი“ ავტომობილია. და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელიც. მას ხშირად იგნორირებას უწევენ, არადა მონაცემებით ბევრ თავის „თანაკლასელს“ ფორას მისცემს. ის უნიკალურიცაა, რადგან ამ ტიპის ავტომობილებს შორის, ერთადერთია, რომელსაც სრულამძრავიანი ტრანსმისია ემსახურება.

და აი, იაპონურმა კომპანიამ თამასა უფრო მაღლაც ასწია - მყიდველს „სვიფტის“ კიდევ უფრო „უნარიანი“ ვერსია, მეტსახელად „აუტდორი“ წარუდგინა. ავტომობილის პრემიერა რამდენიმე დღის წინ, იტალიის ქალაქ კარარაში (ქალაქ პიზადან ჩრდილო-დასავლეთში, 50 კილომეტრშია) ჩატარდა, სადაც საზოგადოების წინაშე, ხუთკარიანი ძარით წარსდგა.
„სვიფტ 4X4 აუტდორი“ რამდენიმე სიახლით გამოირჩევა, რომლებიც შეიძლება უგზოობის ავტომობილის თვისებებს არ აძლიერებს, მაგრამ სამაგიეროდ, გრუნტიან გზაზე გადაადგილებისას, მანქანას შესანიშნავ სატრანსპორტო საშუალებად აქცევს. ოდნავ არის გაზრდილი კლირენსი. სახეზეა გარეგნული ცვლილებებიც, რომლებიც ავტომობილში „აუტდორს“ ამოგაცნობინებთ. ესაა შავი, გაძლიერებული ბამპერი, ბორბლის თაღებზე შემოვლებული შავი პლასტმასის არშიები და გვერდთა ასევე შავი ზღურბლები.
„სვიფტ 4X4 აუტდორი“ 1.3-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 94 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის გავლით, მამოძრავებელი ძალა ოთხივე ბორბალს გადაეცემა.
ავტომობილის საბაზო აღჭურვილობაში ასევე შედის: ცენტრალური საკეტი და დისტანციური გასაღები, შუშის ელექტრონული ამწევები, აუდიოსისტემა UBS-პორტით, ტყავშემოკრული საჭის რგოლი. უსაფრთხოებას შვიდი აირბალიში უზრუნველყოფს, დამხმარე სისტემებიდან, საბაზო პაკეტში ასევე შედის სტაბილურობის ელექტრონული პროგრამა და ტრექშნ კონტროლი.
„სვიფტ 4X4 აუტდორი“ ევროპის გარდა, განვითარებად ქვეყნებშიც, მათ შორის, ინდოეთშიც გაიყიდება.

No comments:

Post a Comment