Thursday, October 18, 2012

„ველოსტერის“ კიდევ ერთი ვერსია სიდნეის შოუზე


Hyundai Debuts Veloster Street Concept at 2012 Australian Motor Show
18 ოქტომბერი
სიდნეის ავსტრალიის საერთაშორისო მოტორ შოუზე, რომელიც დღეს გაიხსნა, „ჰიუნდაიმ“ თავის პოპულარულ კუპე „ველოსტერის“ ბაზაზე შექმნილი კონცეპტუალური ავტომობილი „ველოსტერ სიტი კონცეპტი“ წარადგინა. ავტომობილი ისეა გაფორმებული, თითქოს ლას ვეგასის SEMA-ს გამოფენისთვის იყოს შექმნილი.

„ველოსტერ სიტი კონცეპტი“ სერიული „ველოსტერის“ ბაზაზეა შექმნილი, თუმცა ავსტრალიურ სატუნინგო კომპანია „კონკორდ კასტომზის“ სპეციალისტების მონაწილეობით, მას საფუძვლიანი მოდიფიკაცია ჩაუტარდა. გარეგნულად, ავტომობილს ცვლილება პირველ რიგში, ფერთა განსხვავებულ შეთანწყობაზე ეტყობა. ძირითადი ტანი მქრქალ რუხ ფერშია გაწყობილი, ზოგიერთი ელემენტი კი, მათ შორის, ემბლემა, წინა სპოილერი, ბორბლები, ზღურბლები, ნისლსაწინააღმდეგო ფარების ფოსოები და სხვა, სტაფილოსფერში გააფორმეს. ამასთან, ავტომობილს გარს ევლება წვრილი წითელი ზოლი.
სიახლეებია აეროდინამიკაშიც: გაგანიერებული საბორბლე თაღები, წინა სპოილერი, უკანა დიფუზორი, სახურავის უკანა კიდეში მოთავსებული ანტი ფრთა. მანქანა „ტენსოს“ წარმოების 18-დუიმიან ბორბლებზე დააყენეს, რომლებიც 215/40/18 ზომის რეზინითაა შემოსილი.
ინტერიერი ძრითადად მელნისფერ ტყავშია გამოწყობილი, რომელთანაც ისევ ფორთოხლისფერი დეტალები შეახამეს. სალონი შუქდიოდბით ნათდება. გარდა ამისა, სალონში გამოყენებულია მაღალი კლასის აუდიო სისტემა, რომელიც 8650 ვატის სიმძლავრის ხმას გამოსცემს.
დაიხვეწა ტურბოდამჭირხნიანი ძრავიც. მას გამოუცვალეს გამოსაბოლქვი, საშუალედო გამაგრილებელი ალუმინისგან დამზადდა, ჰაერის ფილტრი სპორტული ანალოგით შეიცვალა, დაიხვეწა ძრავის მართვის ელექტრონული პროგრამა. თუმცა, „ჰიუნდაის“ არ დაუზუსტებია, რამდენით გაიზარდა ძრავის სიმძლავრე.
დაიხვეწა საკიდარი. სტანდარტული ამორტიზატორები უფრო ხისტებით შეიცვალა. დრეკადი ელემენტები ერთმანეთს სპეციალური ბერკეტით დაუკავშირდა, რომელიც მანქანის წინა ნაწილს დამატებით სიხისტეს ანიჭებს. შეიცვალა სამუხრუჭე დისკოები, რომლებზეც გასაგრილებელი ნახვრეტები გაუკეთეს.
„ჰიუნდაის“ ავსტრალიური შტოს მარკეტინგის დირექტორი ოლივერ მანი ამბობს, რომ სტანდარტული „ველოსტერი“ ტუნინგის სპეციალისტებისთვის შესანიშნავი მასალაა, რომელსაც დახვეწის უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. მისივე თქმით, „სტრიტ კონცეპტი“ კი შესანიშნავი მაგალითია ბრენდის უნივერსალობისა და აჩვენებს „ჰიუნდაის“ შესაძლებლობას, თავისი პროდუქციით მყიდველთა ფართო სპექტრი მიიზიდოს.

No comments:

Post a Comment