Thursday, October 18, 2012

შუმახერი სხვა რბოლებში ასპარეზობას არ აპირებს

Michael Schumacher will not race on in motor sport after F1
18 ოქტომბერი
მიხაელ შუმახერმა განაცხადა, რომ სხვა სარბოლ სერიებში მონაწილეობას, როგორც პილოტი, არ აპირებს. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ახლახანს გვაუწყა, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ, ფორმულა ერთიდან მიდის.
შეგახსენებთ, რომ სამწლიანი უქმეობის შემდეგ, შუმახერი დიდი პრიზების ცირკს 2010 წელს დაუბრუნდა (მერსედესში), იქ სამი სეზონი გაატარა და ერთადერთ კვარცხლბეკს დასჯერდა. სულ ახლახანს, „მერსედესმა“ მის ადგილზე, ისე, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის გადაწყვეტილებას არ დაელოდა, მის ადგილზე „მაკლარენიდან“ ლუის ჰამილტონი გადმოიყვანა.

ფ1-ის მოყვარულებს ალბათ ემახსოვრებათ, რომ უქმეობისას, შუმახერმა მოტო რბოლებში მონაწილეობა სცადა, თუმცა ეს მცდელობა კისრის ტრავმით დასრულდა. ამჯერად კი გერმანელი ირწმუნება, რომ სხვაგან ასპარეზობას აღარ გეგმავს და ჩაფხუტს სამუდამოდ ლურსმანზე ჰკიდებს.
„არა, ჩემს გეგმებში სხვა რბოლები არ შედის. ფორმულა ერთმა მაქსიმუმი მომცა, როგორც ემოციების, ასევე სიჩქარის და სამუშაოს მხრივ. სხვა ტიპის მანქანები იგივეს ვერ მომცემს. აქ წერტილს ვსვამ და ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა“, - „გაძეტა დელო სპორტთან“ საუბრისას განაცხადა შუმახერმა და დასძინა, რომ შესაძლოა, დასავლურ საცხენოსნო შეჯიბრებში სცადოს ბედი. თურმე მისი მეუღლე კორინა ამ სპორტით გატაცებული ყოფილა და არაერთ შეჯიბრში მიუღია მონაწილეობა. უფრო მეტიც, სახელოვან ქმარს შესაფერისი ცხენიც შეურჩია... მოკლედ, შუმი ოთხ ბორბალს ცხენებზე ცვლის...
შუმი ირწმუნება, რომ თავის გადაწყვეტილებას არ ნანობს. პირიქით, შვება ვიგრძენი იმის გამო, რომ ბოლოს და ბოლოს, კარიერას დავასრულებო. ფ1-ის ყველაზე ტიტულოვანი პილოტი აღიარებს, რომ სპორტში დაბრუნებამ ასწავლა, თუ რას ნიშნავს მარცხი.
„ჩემი გადაწყვეტილებით შვება ვიგრძენი. ცხოვრება ბევრ სხვა რამეს შემომთავაზებს. ჩემი ცხოვრების უკანა ხედვის სარკეში თუ ჩავიხედავ, იქ საკუთარ თავს ბედნიერს და მომღიმარს დავინახავ. მე ორი განსხვავებული კარიერა მქონდა. პირველში ყველაფერს ვიგებდი, მეორემ კი მარცხის გემო გამასინჯა. მე აღვიქვი, რა არის წაგება, მაგრამ ამან უფრო სრულყოფილ, მომთმენ ადამიანად მაქცია. ახლა მე ჩემს ორივე კარიერას მთლიანობაში განვიხილავ და ჩემი თავით კმაყოფილი ვარ“, - ამბობს შუმი.
კითხვაზე, როგორს ისურვებდა, რომ ფანებმა დაიმახსოვრონ, შუმი პასუხობს: „ბევრი რბოლების ლეგენდად მიმიჩნევს, მე კი მინდა, რომ ფანებს როგორც მებრძოლი ვახსოვდე, ისეთად, რომელიც არასდროს იხევს უკან“.

No comments:

Post a Comment